ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 14.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1646აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.12.2007

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1646-აპ 14 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

იური ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ნუნუ კვანტალიანი, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განაჩენით ა. ი-ვი, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ა. ი-ვს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

მარნეულის რაიონული სასამართლოს განაჩენით ა. ი-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 15 მარტს, დაახლოებით 11 საათზე, ა. ი-ვი იმყოფებოდა რა ქ. მარნეულში, ---ის ქუჩაზე მდებარე ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაინახა თავისი ნაცნობი, ბოლნისის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები ს. პ-ვი, რომელსაც ჰქონდა მისი ვალი _ 150 ლარი. ა. ი-ის მოთხოვნაზე, დაებრუნებინა ვალი, ს. პ-მა ფულის უქონლობის გამო უარი განუცხადა. ა. ი-მა შეამჩნია რა, რომ ს. პ-ვს შარვლის ქამარზე ჩამოკიდებული ჰქონდა მობილური ტელეფონი, განიზრახა მოტყუებით წაერთმია იგი, გაეყიდა და მიღებული თანხა ვალში გაექვითა. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. ი-მა ს. პ-ვს სთხოვა მობილური ტელეფონი ,,მოტოროლა ც-350», რომელიც უკან აღარ დაუბრუნა და რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. კ-ემ, რომელმაც ითხოვა ცვლილების შეტანა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განაჩენში იმ მიმართებით, რომ ა. ი-ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო კვალიფიკაციის შეცვლისას დაეყრდნო დაზარალებულ ს. პ-ის მიერ სასამართლო გამოძიების დროს შეცვლილ ჩვენებას, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგებოდა მის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას. კერძოდ, ს. პ-მა განმარტა, რომ ა. ი-ვს მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ გამოუყენებია და მუქარის გარეშე მან თავად, ნებაყოფლობით ათხოვა მობილური ტელეფონი. რაც შეეხება ფულად თანხას _ 300 აშშ დოლარს, დაზარალებულმა აჩვენა, რომ ა. ი-ვს მისთვის ფული არ წაურთმევია.

სასამართლომ განაჩენის გამოტანის დროს საერთოდ არ გაითვალისწინა ს. პ-ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც იგი აჩვენებდა, რომ მსჯავრდებულმა მას ძალადობის მუქარით გასტაცა მობილური ტელეფონი და 300 აშშ დოლარი. სასამართოლმ ასევე უგულებელყო მოწმეების _ დ. დ-სა და ი. ც-ის ჩვენებები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ 2006 წლის 15 მარტს მათ დააკავეს ი-ვი. დაკავების საფუძელი გახდა ს. პ-ის განხცდება იმის თაობაზე, რომ ქ. მარნეულში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ნაცნობმა _ ა. ი-მა გასტაცა კუთვნილი ნივთები _ ტელეფონი და ფული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს მიერ ა. ი-სათვის წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება და არ მოიცავს რეალურად მომხდარ ფაქტს და ა. ი-ვი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მასზე პირველადი ბრალით შერაცხული ქმედების ჩადენაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება:

ა. ი-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 15 მარტიდან.

მსჯავრდებულს დაუბრუნდა მის მიერ ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა _ 1000 (ათასი) ლარი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კასატორი ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში და, ამის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას მის სასიკეთოდ, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სასჯელის ზომად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის შფარდებას. კასატორი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. ი-ის ბრალეულობის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, იგი ეყრდნობა ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით. განაჩენს საფუძვლად უდევს დაზარალებულის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული, შემდეგში _ ორჯერ შეცვლილი ჩვენება, რომელიც არ დასტურდება სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რის გამოც არ შეიძლებოდა ა. ი-ის დამნაშავედ ცნობა; სააპელაციო სასამართლოს სსს კანონის საფუძველზე ეჭვი უნდა განემარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი ა. ი-ის მსჯავრდების თაობაზე და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება:

ა. ი-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2005 წლის 15 მარტიდან 2006 წლის 22 ივნისამდე), შეუმსუბუქდა სასჯელი და საბოლოოდ გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა _ 800 (რვაასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განაჩენის თაობაზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, პროკურორმა ითხოვა ლმობიერების მოტივით ზემოაღნიშნული უკანონო განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მისი გამკაცრების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. მ-ის მოთხოვნას ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმებისა და მისი ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, რადგან, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ ა. ი-ვი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, რადგან წარდგენილ ბრალდებაში ა. ი-ვი ძარცვის ჩადენაში ამხილა დაზარალებულმა ს. პ-მა, რომელმაც წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ ა. ი-ვს მის მიმართ არავითარი ძარცვა არ ჩაუდენია. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ ა. ი-მა ჩაიდინა ძარცვა, ვერც წინასწარ გამოძიებაში და ვერც სასამართლო გამოძიებისას ვერ იქნა მოპოვებული. ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა. ი-მა ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის I ნაწილით.

საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს. პ-ის ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხულ ბოლნისის რაიონული პოლიციის განყოფილების ---ის _ დ. დ-ის ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ა. ი-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტისა და ამავე კანონის მე-3 მუხლის II პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებული ა. ი-ვი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 800 ( რვაასი) ლარის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტით, ამავე კანონის მე-3 მუხლის II პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტისა და ამავე კანონის მე-3 მუხლის II პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებული ა. ი-ვი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 800 ( რვაასი) ლარის მოხდისაგან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.