ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.12.2007
საქმის ნომერი
2კ-2054აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹2054 აპ. ქ. თბილისი

28 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენით გ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა ავტომობილის მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

გ. ბ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 19.10 საათზე, «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, გ. ბ-ძე მთვრალი მართავდა თავის კუთვნილ ავტომანქანა «როვერს» და მოძრაობდა ქ. თბილისში, ---ში, ი. ---ის ქუჩაზე, ---ის პოლიციის განყოფილების მხრიდან ---ის გამზირის მიმართულებით. ი. ---ის ქუჩაზე, ¹-- ელექტროგანათების ბოძთან მან დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად: «მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე».

უგულებელყო რა საგზაო მოძრაობის წესების აღნიშნული მოთხოვნა, ზემოაღნიშნულ ადგილზე მსვლელობისას, იმყოფებოდა რა მთვრალი, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა საფრთხის წარმოქმნის დროს, რომლის შემჩნევაც მას შეეძლო, არ მიიღო სათანადო ზომები მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, რა დროსაც, ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე, შეეჯახა მისივე სავალ გზაზე ქვეითად მოსიარულე ნ. გ-ეს, რომელიც გარდაიცვალა საავადმყოფოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ზემომითითებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ფ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მიმართებით, რომ გ. ბ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან განაჩენი ემყარება ვარაუდებს, იმ მოწმეების ჩვენებებს, რომლებსაც არ უნახავთ დაჯახების მომენტი. მსჯავრდებულ გ. ბ-ის სასამართლო სხდომაზე აღირებითი ჩვენებები არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს, მათ არ აქვთ მტკიცებულებითი ძალა და ამ ჩვენებებზე დაყრდნობით არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მოწმეების – ნ. ს-სა და ს. ს-ის ჩვენებებით, 2006 წლის -- ნოემბრის ¹--/--/-- ავტოტექნიკური ექსპერტის დასკვნით, 2007 წლის -- ივნისის ¹--/--/--/-- კომისიური ავტოტექნიკური, ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ---ების - გ. კ-ის, თ. ც-ას და ვ. ლ-ის მიერ გაცემული დასკვნით.

გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, გ. ბ-ის ბრალდება დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹-- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, და თანდართული სქემით, ტრასოლოგიური სქემით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების ოქმით.

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო პალატის განაჩენებით გ. ბ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სამართლიანი და კანონიერია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება ისეთი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი, მეორე პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.