დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.10.2007
საქმის ნომერი
191საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

191-საზ 29 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ტ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 აპრილის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 8 აპრილის განაჩენით ჯ. ტ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით _ 13 წლით, 243-ე მუხლის III ნაწილით _ 12 წლით, 133-ე მუხლით _ 13 წლით, 91-ე მუხლის II ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ჯ. ტ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით ვ. ს-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I ქვეპუნქტით _ 14 წლით, 243-ე მუხლის III ნაწილით _ 12 წლით, 133-ე მუხლით _ 14 წლით, 150-ე მუხლის III ნაწილით _ 8 წლით, 91-ე მუხლის II ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ ვ. ს-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის II პუნქტით ისინი ცნობილ იქნენ განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად. ისინი სასჯელს იხდიან 1997 წლის 10 მაისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 აპრილის განჩინებით უზენაესი სასამართლოს კოლეგიის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ ჯ. ტ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებზე (1999 წლის რედაქცია) და ამ მუხლით მას განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ჯ. ტ-ლს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ჯ. ტ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ჯ. ტ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით, 243-ე მუხლის III ნაწილით, 133-ე მუხლითა და 91-ე მუხლის II ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.

განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ჯ. ტ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის III ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებითა ( 1999 წლის რედაქცია) და 91-ე მუხლის II ნაწილით (1960 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ასევე არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი, კერძოდ: განაჩენით დადგენილად მიჩნეული გარემოებებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულები _ ჯ. ტ-ლი და ვ. ს-ლი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულების ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებდნენ როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრები, რომელთა მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა ჯ. ტ-მა დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჯ. ტ-ის საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით (1960 წლის რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი ვ. ს-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. ს-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის III ნაწილით, 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით, 150-ე მუხლის III ნაწილით, 91-ე მუხლის II ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ვ. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 133-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებთან (1999 წლის რედაქცია) და ვ. ს-ლს აღნიშნული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ვ. ს-ის მიმართ დანიშნულ საბოლოო სასჯელს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთას, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 1 აპრილის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ვ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებზე (1999 წლის რედაქცია) და აღნიშნული მუხლით მიესაჯოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.