დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 14.03.2012
საქმის ნომერი
ბს-40-40(2კ-12)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.03.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-40-40 (კ-12) 14 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. რ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. რ-მ მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების -1586,61 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის- გ. რ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის_გ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა (საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გათვალისწინებით) 1998 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეების ხელფასის 132,28 ლარის, 1999 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, თვეების ხელფასის 198,42 ლარის, 2000 ლარის აპრილის, მაისის, ივნისისა და ნოემბრის თვეების ხელფასის 132,28 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე-გ. რ-ს 1998 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეების კვების 236,00 ლარის, ჯილდოს- 66,14 ლარის, მატერიალური დახმარების 33,07 ლარის, 1999 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის ოქტომბრის, ნოემბრის თვეების კვების 354,00 ლარის, ჯილდოს- 132,28 ლარის, მატერიალური დახმარების 33,07 ლარის, 2000 წლის აპრილი, მაისის, ივნისის და ნოემბრის თვეების კვების- 236,00 ლარის, ჯილდოს- 33,07 ლარის საქარტველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. რ-მ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი-გ. რ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

აპელანტი-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი 1998-1999-2000 წლების ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. რ-ის სარჩელი 1998-1999-2000 წლების ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ჯილდოს- 66,14 ლარის, მატერიალური დახმარების -33,07 ლარის, 1999 წლის ჯილდოს- 132,28 ლარის, მატერიალური დახმარების- 33, 07 ლარის, 2000 წლის ჯილდოს- 33,07 ლარის, სულ-297, 63 ლარის ანაზღაურება საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გათვალისწინებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. რ-მ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი-გ. რ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილებას.

კასატორი-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. რ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. რ-ის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. საქმე ბს-214-208 (კ-09), 09.07.09წ.).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. რ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. რ-ის საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ. რ-ის საკასაციო საჩივრებს უარი ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.