შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 23.07.2007
საქმის ნომერი
291საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹291 საზ ქ. თბილისი

23 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ქ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩხერის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ო. ქ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მეხუთე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; სსკ-ის 205-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საბოლოოდ ო. ქ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რასაც სსკ-ის 41-42-ე მუხლების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და 6 თვე და საბოლოო სასჯელის ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთას 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ო. ქ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 4 მაისიდან.

ამავე განაჩენით მსჯავრდებულია: რ. ქ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მეხუთე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საბოლოოდ რ. ქ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

კ. ქ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მეხუთე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; სსკ-ის 212-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ კ. ქ-ეს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (თორმეტი) წლის ვადით.

გ. ს-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, მეხუთე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; სსკ-ის 205-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საბოლოოდ გ. ს-ლს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

თ. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საბოლოოდ თ. მ-ლს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ო. ქ-ემ სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება, ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება და დანაშაულის დაფარვა

მსჯავრდებული ო. ქ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 15 წლამდე. სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტი შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, ე.ი. ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 10 წლამდე. სსკ-ის 238-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-4 ნაწილი შეესაბამება საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილს, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ო. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ო. ქ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში, ვინაიდან საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ცივი იარაღის ტარება აღარ წარმოადგენს დასჯად ქმედებას.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი შეამოწმა სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი სხვა მსჯავრდებულების – კ. ქ-სა და რ. ქ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ კ. ქ-სა და რ. ქ-ის ქმედებები სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მათ ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კ. ქ-სა და რ. ქ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში, ვინაიდან საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ცივი იარაღის ტარება აღარ წარმოადგენს დასჯად ქმედებას.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, ამ განაჩენით მსჯავრდებულების - ო. ქ-ის, რ. ქ-სა და კ. ქ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ ო. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საჩხერის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ო. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). მსჯავრდებულ ო. ქ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (მითითებული რედაქცია) შერაცხული ბრალდების ნაწილში ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.

მსჯავრდებულების – კ. ქ-სა და რ. ქ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მათ ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა - თითოეულს 5 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულების კ. ქ-სა და რ. ქ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, ამ განაჩენით მსჯავრდებულების - ო. ქ-ის, რ. ქ-ისა და კ. ქ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.