შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 27.03.2007
საქმის ნომერი
303საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹303საზ ქ. თბილისი

27 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ნ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით თ. ნ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში თ. ნ-ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება: იგი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში. თ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტების საფუძველზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ნ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 28 აგვისტოდან.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ თ. ნ-ემ ჩაიდინა ქურდობა, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებული თ. ნ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ თ. ნ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა სამიდან თორმეტ წლამდე. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გამო ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ ქურდობის ჩადენისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), იგივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) - ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). რაც შეეხება თ. ნ-სათვის სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას - იგი განსაზღვრულია ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში და ამიტომ საკასაციო პალატა მის თაობაზე ვერ იმსჯელებს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ თ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ თ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს შესაბამისად საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტსა და მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ თ. ნ-ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.