შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
306-საზ ქ. თბილისი
DDD 12 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 მაისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ხ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, ხ. ბ-ლს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაცო პალატის 2005 წლის 17 მაისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ხ. ბ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებული ხ. ბ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2005 წლის 17 მაისს გამოტანილი განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა, რა მსჯავრდებულ ხ. ბ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ადგენდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის და სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ხ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ხ. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ» , ,,გ” ქვეპუნქტებით, (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით) 118-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან განჩინების ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ხ. ბ-ის მიმართ აღნიშნული მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციითY დადგენილ ფარგლებში და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 მაისის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ხ. ბ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ხ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2005 წლის 17 მაისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ხ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ხ. ბ-ის მიმართ აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.