შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 12.10.2007
საქმის ნომერი
324საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹324/საზ ქ. თბილისი

12 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ა. გ-ჩი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

Fფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის დადგენილებით გამოცხადდა ა. გ-ის ძებნა, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის დადგენილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი, ა. გ-ჩი დანიშნული სასჯელის _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად გაიგზავნა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2006 წლის 10 მაისიდან.

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. გ-მა ჩაიდინა შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

მსჯავრდებული ა. გ-ჩი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონით სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია 1821-ე მუხლი, რომლის ჩადენისათვის დაწესებული იყო 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და წარმოადგენდა მძიმე დანაშაულს. Aაღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია. ე.ი. ახალმა კანონმა შეამსუბუქა სასჯელი და მძიმე დანაშაული გახდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

ამდენად, გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატას მიაჩნია, რომ ა. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) 1821-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ა. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელად დაენიშნოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.