შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 27.04.2007
საქმის ნომერი
393საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

393ასაზ. 27 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ _ ნ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 16 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ნ-ვი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 16 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 121-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, იმავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების საფუძველზე - განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. იგი პატიმრობაშია 1997 წლის 25 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულებით სიკვდილმისჯილი ზ. ნ-ვი შეწყალებულ იქნა და იმავე ბრძანებულებით მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

მისი სიკვდილით მსჯავრდების შემდეგ ზემოაღნიშნული სანქციის ნაწილში რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, რომელიც აწესებდა პასუხისმგებლობას ზ. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული ზ. ნ-ვი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.

პალატის სხდომაზე განხილვისას ადვოკატმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ზ. ნ-ის მიერ დანაშაულის ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) სანქცია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ანდა თავისუფლების აღკვეთას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომების გათვალისწინებით, ხოლო მათ შორის ყველაზე მსუბუქია აღნიშნული კანონის მითითებული რედაქცია. აქედან გამომდინარე, ამჟამად მსჯავრდებულ ზ. ნ-ვს ხსენებული ნორმის სანქციის საფუძველზე სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. ადვოკატმა ნ. ბ-მა ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ნ. ნ-ის სასიკეთოდ.

საჩივარს მხარი დაუჭირა, აგრეთვე, პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ქ-მა, რომელმაც მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არსებით გავლენას ახდენენ ზ. ნ-ის მსჯავრდების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება განაჩენით მის მიმართ დანიშნულ სასჯელს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსაჯვრდებულ ზ. ნ-ვს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. ნ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი ზ. ნ-ვი საჩივრით ითხოვს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის მსჯავრდების თაობაზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სასჯელის ნაწილში იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლითაც მას უნდა განესაზღვროს მართებული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის. როგორც აღინიშნა, ზ. ნ-ვს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე და მეცხრე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. მის მიერ ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო ზ. ნ-ვს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, ზ. ნ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ნ-ვს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის _ დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის – ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ნ-ვს, რომელსაც წინა განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლის (1992 წლის 3 აგვისტოს რედაქცია) საფუძველზე განსაზღვრული სასჯელები. აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 16 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ზ. ნ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 16 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ზ. ნ-ვს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, შთანთქმულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლის (1992 წლის 3 აგვისტოს რედაქცია), ასევე საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელები და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ზ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.