შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 15.10.2007
საქმის ნომერი
397საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹397 საზ. 15 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. თ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 28 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ვა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 28 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 209I მუხლით (პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფა) – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, და მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელის საბოლოო ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1999 წლის 26 იანვრიდან.

მსჯავრდებულ გ. გ-ას დამცველი, ადვოკატი მ. თ-რი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე გ. გ-ას მიმართ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 1999 წლის 28 ივლისს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. გ-ას პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი ადვოკატის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. გ-ვა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 209I მუხლითა და 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით). საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. გ-ას ქმედება, რომელიც განაჩენით დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (მითითებული რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), როგორც მისთვის ყველაზე მსუბუქ კანონზე, ვინაიდან ამჟამად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება აღარ არის ცალკე დასჯადი და ეს ქმედება ისჯება როგორც ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება, ამასთან, ხსენებული დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს: სსკ-ის 236-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 209I-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფისათვის, (რომელშიც იგულისხმებოდა როგორც დამთავრებული დანაშაული ასევე ამ დანაშაულის ჩადენის მცდელობა). სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე ან სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის 209I-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს (განზრახ მკვლელობის მცდელობა მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რომელიც ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. გ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 209I მუხლიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განზრახი მკვლელობის მცდელობისათვის, ვინაიდან გ. გ-ას მიერ რეალურად ჩადენილია პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობა ამ უკანასკნელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) შემადგენლობა ხსენებულ დანაშაულს მოიცავდა როგორც დამთავრებული სახით, ისე მისი მცდელობის სახით. ამ დანაშაულისათვის სასჯელის ზომა გ. გ-ას უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის იმ რედაქციის საფუძველზე (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), რომლის თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლითაც შთანთქმულ უნდა იქნეს განაჩენით მის მიმართ დანიშნული სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელები, თანახმად საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლისა (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ას ადვოკატის _ მ. თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 28 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. გ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 209I-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლზე და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მისივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), ხოლო ამ დანაშაულისავთის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს: 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და მსჯავრდებულ გ. გ-ას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.