დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹398/საზ ქ. თბილისი
15 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 9 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 9 მარტის განაჩენით გ. გ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-19,109-ე მუხლის „კ” პუნქტით, 109-ე მუხლის „კ” და „ო” ქვეპუნქტებით და მიესაჯა: მე-19,109-ე მუხლის „კ” პუნქტით _ 10 წლით, 109-ე მუხლის „კ” და „ო” ქვეპუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. გ-ნს საბოლოოდ შეეფარდა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. გ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ასევე _ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით და არაერთგზის.
მსჯავრდებული გ. გ-ნი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ” და „ო” პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ხულიგნური ქვენაგრძნობითა და არაერთგზის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა არაერთგზის) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ე.ი. ახალმა კანონმა არ შეამსუბუქა სასჯელი ზემოაღნიშნული ქმედებისათვის. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის გადასინჯვისათვის აუცილებელი ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, კერძოდ, ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამიტომ განაჩენი გ. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 9 მარტის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.