შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 26.10.2007
საქმის ნომერი
399საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

399/საზ 26 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ფ. კ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 6 თვე და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

სასჯელის მოხდა ფ. კ-ვს დაეწყო 2006 წლის 19 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 14 ივნისის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენში შეიტანა ცვლილება: ფ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ფ. კ-ვი საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ფ. კ-ვის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოებები კი იმაზე მიუთითებენ, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედება - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ფ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ფ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.