შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 22.02.2007
საქმის ნომერი
403საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

403საზ ქ. თბილისი

22 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენით, თ. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების – ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. მ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 29 ივნისიდან.

მსჯავრდებული თ. მ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ თ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ თ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ თ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.