შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹426 საზ ქ. თბილისი
15 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 მაისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 მაისის განაჩენით რ. ა-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. სასჯელის მოხდა მას დაეწყო 2002 წლის 27 აპრილიდან.
ამავე განაჩენით მ. ბ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. სასჯელის მოხდა მას დაეწყო 2002 წლის 27 აპრილიდან.
განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ რ. ა-მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
მსჯავრდებული რ. ა-ვი საჩივრით ითხოვს მის მიმართ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 მაისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ასევე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა სამიდან თორმეტ წლამდე. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გამო ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ ქურდობის ჩადენისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით განხილული ქმედებების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ. არ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) - ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). რაც შეეხება რ. ა-სათვის სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას - იგი განსაზღვრულია ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში და ამიტომ საკასაციო პალატა მის თაობაზე ვერ იმსჯელებს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და „ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) რ. ა-ის მსჯავრდებას, უნდა აღინიშნოს, რომ მის მიმართ, მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს, ამიტომ განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო მსჯავრდებულისათვის განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ რ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 მაისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ რ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) - ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
მსჯავრდებულ მ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე ამ განაჩენით მსჯავრდებულების – რ. ა-სა და მ. ბ-ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.