დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹440 საზ თბილისი
15 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ა. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტების საფუძველზე _ 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ა. გ-ნს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა. გ-ნს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. იმავე განაჩენით ა. გ-ნი საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 44-ე მუხლის საფუძველზე ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 14 თებერვლიდან.
იმავე განაჩენით ა. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. აღნიშნული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე ა. მ-ვს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
ამავე განაჩენით დ. ო-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ამავე განაჩენით გ. ტ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ამავე განაჩენით კ. ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებული ა. გ-ნი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 სექტემბრის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. გ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც აღინიშნა, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ა. გ-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებისა (მითითებული რედაქცია) და იმავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
მსჯავრდებულ ა. გ-ის ისეთი კონკრეტული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევითა და იმის მიერ, ვისაც წინათ ჰქონდა ჩადენილი Yყაჩაღობა, ახალი სისხლის სამართლის კანონით, რომლითაც 2006 წლის 28 აპრილს ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, დამძიმებულია პასუხისმგებლობა, რის გამოც აღნიშნული კანონი განაჩენის მიმართ ამ ნაწილში ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად. ასევე, ა. გ-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არც ამ ნაწილში არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ახალი კანონის მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს ამ განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის საფუძველი, თუ იგი ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. გ-ნს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს მითითება მისი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს პირის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობას. განაჩენი სხვა ნაწილში ა. გ-ის მიმართ, აგრეთვე განაჩენით მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ეს უკანასკნელი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა აგრეთვე იმავე განაჩენით მსჯავრდებულების _ კ. ა-ის, გ. ტ-ის, დ. ო-სა და ა. მ-ის მიმართ, რის შემდეგაც მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულების _ კ. ა-ის, გ. ტ-სა და დ. ო-ის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მათი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. მათივე ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ კ. ა-ის, გ. ტ-სა და დ. ო-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ისინი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში.
იგივე განაჩენი ა. მ-ის მიმართY უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ათ წლამდე. საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. მ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მითითებული რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით _ უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რომელიც შთანთქმულ უნდა იქნეს იმავე განაჩენით მის მიმართ დანიშნული სხვა, უფრო მძიმე სასჯელით, რის გამოც ა. მ-სათვის აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოვიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულების _ ა. გ-ის, კ. ა-ის, გ. ტ-ის, დ. ო-სა და ა. მ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ ა. გ-ნს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება მისი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის თაობაზე.
იმავე განაჩენში მსჯავრდებულ ა. მ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში სასჯელის ზომად მას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
იმავე განაჩენში მსჯავრდებულების _ კ. ა-ის, გ. ტ-სა და დ. ო-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ ა. გ-ის, კ. ა-ის, გ. ტ-ის, დ. ო-სა და ა. მ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.