შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 22.01.2007
საქმის ნომერი
442საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

442საზ ქ. თბილისი

22 იანვარი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის განაჩენით გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით გ. ნ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. ნ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, კერძოდ, გ. ნ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 88 ლარად ღირებულ ,,ვტოსტარის” ფირმის მაგნიტოფონს პანელის გარეშე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი _ 88 ლარი, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის მიხედვით, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით.

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო მისთვის შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.