შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 18.10.2007
საქმის ნომერი
454საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹454საზ ქ. თბილისი

18 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის განაჩენით ზ. ჩ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მას საჯელის ათვლა დაეწყო 2003 წლის 9 იანვრიდან.

განაჩენით ზ. ჩ-ლს მსჯავრი დაედო არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებული ზ. ჩ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის სისხლის სამართლის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დადგენილია, რომ ზ. ჩ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული _ ქურდობა არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ბინაში უკანონო შეღწევით.

საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" (ქურდობა არაერთგზის) ქვეპუნქტისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" (არაერთგზის) ქვეპუნქტით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტისათვის (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტისათვის (ქურდობა ბინაში შეღწევით) _ თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნული დანაშაულები გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ" (ქურდობა ბინაში შეღწევით) ქვეპუნქტით და მათი ჩადენისათვის დაწესებულია, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ხუთ წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარიც.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ზ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ ზ. ჩ-სათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.