შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹459\საზ. ქ. თბილისი
22 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ის საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ნ. მ-ის ძე ა-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2003 წლის 14 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განაჩენით.
განაჩენის მიხედვით, ნ. ა-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. ა-ლი 1997 წელს გაასამართლა თელავის რეგიონულმა სამხედრო სასამართლომ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 262-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1998 წელს იგი გათავისუფლდა პირობით, ვადაზე ადრე, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 2003 წლის მარტში ნ. ა-ლი ქირით ცხოვრობდა ქ. გურჯაანში, დ. ი-ის საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთ ოთახში, ხოლო იმავე ბინის სხვა ოთახში აგრეთვე ქირით ცხოვრობდა საგარეჯოს რაიონის მკვიდრი ა. ღ-ლი, რომელიც 2003 წლის 21 მარტს, დაახლოებით 18 საათზე, ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა საგარეჯოს რაიონში თავის მშობლებთან, ხოლო ნაქირავები ბინა დაკეტა ბოქლომით. აღნიშნულით ისარგებლა ნ. ა-მა და იმავე ღამეს, დაახლოებით 4 საათზე, რკინის ნაჭრით გატეხა ბოქლომი, უკანონოდ შეაღწია ა. ღ-ის მიერ ნაქირავებ ბინაში, საიდანაც არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთს, რითაც დაზარალებულ ა. ღ-ლს სულ მიაყენა 125 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;
მანვე 2003 წლის ივნისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) სიღნაღის რაიონის სოფელ ---ში განიზრახა მეზობლად მცხოვრები ნ. ზ-ის ბინის გაქურდვა. იცოდა რა, რომ ამ დროს ბინაში არავინ იყო, დაახლოებით 01.00 საათზე ნ. ა-მა გახსნა მავთულით დაკეტილი ხის ჭიშკარი, ავიდა ბინის აივანზე, ჩაამტვრია ფანჯრის ერთი მინა, გახსნა ფანჯარა და იქიდან შეაღწია ბინაში, საიდანაც არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ. ზ-ის კუთვნილ ნივთებს, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენა 80 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;
მანვე 2003 წლის ივნისის, იმავე დღეს, ნ. ზ-ის ბინის გაქურდვის შემდეგ, განიზრახა იმავე სოფელში მეზობლად მცხოვრები ვ. ზ-ის ბინის გაქურდვა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი შევიდა ბინის ეზოში და ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ბინაში, სადაც არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ვ. ზ-ის კუთვნილ, 40 ლარის საერთო ღირებულების ნივთებს.
მანვე 2003 წლის 10 ივლისს, 2 საათზე, უკანონოდ, არაერთგზის კვლავ შეაღწია ვ. ზ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთს. ეს ნივთები ნ. ა-მა წაიღო ქ. წნორში და გაყიდა. აღნიშნულით მან დაზარალებულ ვ. ზ-ლს სულ მიაყენა 92 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მსჯავრდებული ნ. ა-ლი საჩივრებით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო პირადი საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ნ. ა-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით). ამ დანაშაულთა ჩადენისათვის დადგენილი იყო, შესაბამისად, 2-დან 6 წლამდე და 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის მიხედვით, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ა-ლს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, რადგან მის მიერ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი _ 125, 40, 80 და 92 ლარის ოდენობით ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა სამიდან თორმეტ წლამდე ვადით, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელიც.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუსვლა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება სასჯელს, ამ შემთხვევაში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სამართლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ა-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ ნ. ა-ლს განაჩენიდან ამოერიცხოს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება;
მსჯავრდებულ ნ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე;
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში _ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.