შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 17.12.2007
საქმის ნომერი
465საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

465-საზ. ქ. თბილისი

17 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის განაჩენით ბ. ბ-რი, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით ია ა-ვა, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ბ. ბ-რი, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდათ 1-1 წლით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდათ: ბ. ბ-რს _ თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 3 თვით, ია აგაბალოვას _ 7 წლით, ხოლო ბ. ბ-რს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 აპრილის განჩინებით ცვლილება შევიდა ზემომითითებულ განაჩენში, კერძოდ: ი. ა-სა და ბ. ბ-რს შეფარდებული სასჯელები შეუმცირდათ ერთი წლით და ი. ა-ას შეეფარდა 6 წლით, ხოლო ბ. ბ-რს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინებით ბ. ბ-რს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად და არაერათგზის; მანვე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის მუქარით.

მსჯავრდებული ბ. ბ-რი საჩივრით ითხოვს თავის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ბ. ბ-რს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსი 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ბ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

მსჯავრდებულ ბ. ბ-რს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილითა და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 3 თვის ვადით.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა და მიიჩნევს, რომ განჩინება მსჯავრდებულების – ი. ა-სა და ბ. ბ-ის მიმართაც უნდა შეიცვალოს, კერძოდ:

ზემომითითებული მოტივებით, მათი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულთა სასიკეთოდ იცვლება.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის - სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულების – ი. ა-სა და ბ. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 აპრილის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან;

მსჯავრდებულ ბ. ბ-რს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილითა და ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით სასჯელის ზომად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.