შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 22.01.2007
საქმის ნომერი
1საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1საზ ქ. თბილისი

22 იანვარი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ჩ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 აგვისტოს განაჩენით ე. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ჩ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ, მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინებით ე. ჩ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით.

მსჯავრდებული ე. ჩ-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განჩინებით ე. ჩ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად და ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად) იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტების სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 მარტის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ე. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.

განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ ე. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.