დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 20.12.2011
საქმის ნომერი
ბს-800-794(კ-11)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ბს-800-794(კ-11) 20 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ა. ტ-ე

მესამე პირები _ მესამე პირები საქმეში არ მონაწილეობენ

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება (სასამართლო სხდომის ოქმი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: გ. კ-ე

მოპასუხე: ა. ტ-ე

მესამე პირი: _ მესამე პირი საქმეში არ მონაწილეობს

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 251-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.

სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 25392 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 7617.6 ლარისა და ზიანის სახით _ 1262.98 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2007 წლის 13 სექტემბერს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის ¹1065 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2007 წლის 15 ნოემბრიდან.

კონტრაქტის საფუძველზე ფაქტობრივად ნამსახურევი ვადა შეადგენს 2 თვესა და 3 დღეს, დარჩენილი - 3 წელს, 9 თვესა და 30 დღეს, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს კონტრაქტის 7.3 ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და 7.4 პუნქტით გათვალსწინებული პირგასამტეხლო ჯარიმის 30%-ის ოდენობით.

... ქვებრიგადის მიერ 2010 წლის 19 სექტემბერს გაცემული ¹5418 წერილით დასტურდება, რომ ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 552 ლარს, შესაბამისად, კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გადასახდელი ჯარიმის თანხაა - 25392 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო ამ თანხის 30% - 7617.6 ლარი.

კონტრაქტის 8.2, 8.3 პუნქტების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ზიანის საკომპენსაციო თანხა, კერძოდ, თანხა, რაც დაიხარჯა მის მომზადებაზე და რომლის ხელახლა დახარჯვა მოუწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, მომზადების რა დონისთვისაც მას ჰქონდა მიღწეული შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას.

... ქვებრიგადის მიერ 2010 წლის 19 სექტემბერს გაცემული ¹5618 წერილით დასტურდება, რომ ზიანის საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 1262.98 ლარს.

სამართლებრივი: მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის, 251-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 394.1, 407-ე, 417-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 2-10).

მოპასუხის შესაგებელი :

ფაქტობრივი: მოპასუხე ა. ტ-ემ წარმოადგინა წერილობითი შესაგებელი, არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ იგი ასეულის თანხმობის საფუძველზე წამოვიდა სახლში, ხოლო შემდეგ დანაშაული ჩაიდინა, დააკავეს და ამის გამო ვეღარ მოახერხა სამხედრო ნაწილში გამოცხადება.

სამართლებრივი: მოპასუხეს სამართლებრივ საფუძვლებზე არ უმსჯელია.

საქმის გარემოებები: 2007 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა 4 წლიანი ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ტ-ეს შორის და იგი დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. (იხ. ს.ფ. 11-18).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის ¹ 1065 ბრძანებით მოპასუხე ა. ტ-ე დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2007 წლის 15 ნოემბრიდან. (იხ. ს.ფ. 19).

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ა. ტ-ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ჯარიმის სახით - 25336.80 ლარის გადახდა; ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:

2007 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა 4 წლიანი ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ტ-ეს შორის და იგი დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში.

სამხედრო ნაწილის სამანდატო კომისიის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღიძრა შუამდგომლობა მეთაურთა წინაშე ა. ტ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის ¹ 1065 ბრძანებით მოპასუხე ა. ტ-ე დაითხოვა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2007 წლის 15 ნოემბრიდან.

აღნიშნული ბრძანება, ასევე ხელშეკრულება არ გასაჩივრებულა.

ა. ტ-ემ სამხედრო სამსახურში იმსახურა 2 თვე და 3 დღე, ხოლო დარჩენილი ვადა შეადგენს 3 წელს, 9 თვესა და 27 დღეს.

სამხედრო სამსახურის პერიოდში ა. ტ-ეს ხელფასის სახით მთლიანად მიღებული აქვს - 1262.98 ლარი, ხოლო დათხოვნისას მისი ერთი თვის ხელფასი შეადგენდა 552 ლარს.

ა. ტ-ე 2007 წლის 15 ნოემბერს დააკავეს დანაშაულის ჩადენის გამო.

სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადაო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება. მოპასუხე მხარემ სადაო გახადა პატივსადები მიზეზი, რის გამოც ვერ მოახერხა სამხედრო სამსახურში გამოცხადება.

მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლო გაეცნო რა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მისი სამსახურში გამოუცხადებლობა გამოწვეულია დაკავებით, რის გამოც არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი შექმნის პირობებს, რომ სამინისტრო იძულებულ გახდეს შეწყვიტოს კონტრაქტი. სასამართლომ მოპასუხის დაკავება სწორედ ამგვარ პირობად შეაფასა.

სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული დადგენილი ფაქტების შეფასება

სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.

სასამართლოს დასკვნები _ სასამართლოს დასკვნები არ წარმოდუდგენია.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით მინიჭებული აქვს, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით, რა დროსაც გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით შეწყვეტს კონტრაქტს ან შექმნის პირობებს, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს ქვემოთ მოცემული თანხები შემდეგი წესით: ა) ერთ წლამდე და 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოცემული დებულებები Fა. ტ-ისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის _ ჯარიმის დაკისრების საფუძველია. მისი ბოლო თვის ხელფასი იყო 552 ლარი, ხოლო მომდევნო სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასი იქნება 552X45.9=25336.8 ლარი.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

კონტრაქტის 7.4. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადაში (ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში) დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ჯარიმის თანხის გადახდის ვადის დარღვევა იწვევს კონტრაქტის 7.4. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, ხოლო მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება თუ როდის ჩაბარდა მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, რომლითაც მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, სახეზეა იურიდიული ფაქტის დაუდგენლობა, რაც გამორიცხავს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, დადგენილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულებით დამატებითი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417- ე მუხლის არსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო ერთდროულად არის, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია : 1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისაკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის მოლოდინის გამოისობით; 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.

პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება პირგასამტეხლოს ორი ფორმა: ჯარიმა და საურავი.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებების გათვალსწინებით, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მიუთითა რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ ჯარიმის გადახდა, ხოლო კონტრაქტის 7.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 1262.98 ლარი, არის სამინისტროს მიერ ხელფასის სახით მიცემული თანხა.

სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას. ა. ტ-ეს მიღებული აქვს იმის შესაბამისი გასამრჯელო, რა დროის განმავლობაშიც მსახურობდა.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე პუნქტით და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით აღიარებულია ყველა ადამიანის შრომის უფლება _ უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს. მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა. (იხ. ს.ფ. 66-69).

აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: გ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე: ა. ტ-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები.

ფაქტობრივი : საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელში მოყვანილი გარემოებები. თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა 8.2, 8.3 მუხლების საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას. სამინისტრო ითხოვს ზიანის სახით იმ თანხას, რომლის ხელახლა გადახდაც მას მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის იმ დონემდე გაწვრთნისათვის, რა დონეზეც იყო მოპასუხე კონტრაქტის დარღვევის დროს.

სასამართლომ არ იმსჯელა თავდაცვის სამინისტროს იმ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარე, წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კონტრაქტის 8.3 პუნქტი.

არასწორია სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილშიც, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს მოპასუხე _ ა. ტ-ეზე თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის ¹1065 ბრძანების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა უშუალოდ გამომდინარეობს კონტრაქტის 7.3, 7.4 მუხლებიდან.

აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა. ტ-ეს სამხედრო სამსახურში კიდევ უნდა ემსახურა 3 წელი, 9 თვე და 27 დღე, ვინაიდან აპელანტის მითითებით, 2007 წლის 15 ნოემბრიდან 2011 წლის 13 სექტემბრამდე არის 1399 დღე და სარჩელში სამინისტროს მიერ სწორად იყო დაანგარიშებული ჯარიმის თანხა.

სამართლებრივი : მხარეები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებითად შეთანხმდნენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

კანონისმიერი მტკიცებულებები თავისი შინაარსით უტოლდებიან საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ხოლო თვით სამინისტრო განთავისუფლებულია ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 73-82).

მოწინააღმდეგის შეპასუხება:

მოტივები: ფაქტობრივი: მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს სხდომაზე სააპელაციო საჩივარი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

სამართლებრივი: მოწინააღმდეგე მხარეს სამართლებრივ მოტივებზე არ უმსჯელია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

უცვლელად დარჩა ხაშურის რაონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა ჯარიმის თანხა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ა. ტ-ის ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 552 ლარს, ამიტომ მისი მომდევნო სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასი შეადგენს 552X45.9=25336.8 ლარს. რაიონულმა სასამართლომ სწორად დაიანგარიშა ჯარიმის ოდენობა, რაც ა. ტ-ეს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მსჯელობა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2007 წლის 13 სექტემბერს მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამეტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ ცნობს.

ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ხელშეკრულებითვე დადგენილი ჯარიმის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს ეკისრება, თავისი არსით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით. დამატებით 7617.6 ლარი უკვე პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას ადასტურებს.

მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც რაიონული სასამართლო უფლებამოსილი იყო შეემცირებინა იგი გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის _ 7617.6 ლარის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მოპასუხისათვის ზიანის სახით 1262.98 ლარის დაკისრების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვს ზიანის სახით იმ თანხის გადახდას, რომელსაც ა. ტ-ე მუშაობის დროს იღებდა ხელფასის სახით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოსარჩელეს ევალებოდა დაესაბუთებინა მოპასუხის მხრიდან მისთვის მიყენებული ზიანი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა არსებობდეს 4 პირობა კუმულაციურად. 1. უნდა არსებობდეს ზიანი; 2. ზიანი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; 4. ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღოდეს ზიანის მიყენების ფაქტში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ა. ტ-ემ თავდაცვის სამინისტროს რაიმე ზიანი მიაყენა. კონტრაქტის პირობების დარღვევა თავისთავად ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო აქტები ავალდებულებს დამსაქმებელს დასაქმებულს აუნაზღაუროს ხელფასი. კერძოდ, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის I ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამინის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. “ევროპის სოციალური ქარტიის” მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს. ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლის მიხედვით, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თავად მისთვის და მისი ოჯახისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო.

სააპელაციო პალატის მსჯელობით, შესრულებული სამუშაოსათვის მოსამსახურის მიერ კანონით დადგენილი წესით მიღებული ხელფასის უკან დაბრუნების მოთხოვნა იქნებოდა, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების უხეში დარღვევა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები. (იხ. ს.ფ. 97-103).

კასატორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე: ა. ტ-ე

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ტ-ისათვის ჯარიმისა (55,20 ლარის) და პირგასამტეხლოს (7617,60 ლარის) დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები: სამართლებრივი :

პროცესუალური: მოსარჩელის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

მატერიალური: კასატორის მითითებით, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 552 ლარს, ხოლო ა. ტ-ეს სამსახურის ვადა დარჩენილი ჰქონდა 3 წელი, 9 თვე და 30 დღე. შესაბამისად, მითითებული ვადა გამრავლებული 552 ლარზე არის 25392 ლარი და არა 25336.80 ლარი, როგორც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია.

კასატორის აზრით ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება.

აპელანტის განმარტებით, ჯარიმა და პირგასამტეხლო ერთი და იგივე რომც იყოს, ასეთ შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობა არ უკრძალავს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა მოითხოვოს, როგორც ფიქსირებულად – ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული ჯარიმის თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში.

თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს ფიქსირებული პირგასამტეხლო სააჯრიმო თანხის 30%- ის ოდენობით, რასაც არ შეიძლება ეწოდოს შეუსაბამოდ მაღალი. ხელშეკრულების 7.4 მუხლით გათვალისწინებული განგრძობადი პირგასამტეხლო საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებითვე იქნა ფიქსირებულ თანხამდე შემცირებული. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მხარეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

კასატორის მითითებით გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2, 393.3, მუხლების საფუძველზე, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით. (იხ. ს.ფ. 112-119).

მოწინააღმდეგის შეპასუხება : მოწინააღმდეგე მხარეს შეპასუხება არ წარმოუდგენია.

მესამე პირის მოსაზრება:

მესამე პირი საქმეში არ მონაწილეობს

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა, 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით დასაშვებად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. (იხ. ს.ფ. 129-130).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, სსსკ-ის 407.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2007 წლის 13 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ტ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 11-16; 21,22). ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში (ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის ¹1065 ბრძანების შესაბამისად, ა. ტ-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან (იხ. ს.ფ. 19).

ამასთან, საკასაციო სასამართლო ჯარიმისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი შეფასებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმეზე ბს-1580-1509(კ-09)საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ა. რ-ის მიმართ) ჩამოყალიბებულ განმარტებას: ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:

მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით. ან

წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.

ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.

წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.

საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.”

განსახილველ შემთხვევაში მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და ა. ტ-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი – კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნტით გადასახდელი ჯარიმის - 25392 ლარის 30% - 7617,6 რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.

საქართველოს თავადცვის სამინისტროსა და ა. ტ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3 მუხლი განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4-წლიანი კონტრაქტი, ასეთ შემთხვევაში. სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთ წლამდე და 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; 2) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით. გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით. კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონტრაქტით დარჩენილი ვადა შეადგენს 3 წელს, 9 თვესა და 30 დღეს, ხოლო მოსამსახურის ხელფასი – 552 ლარს, ანუ ჯარიმის თანხა შეადგენდა 45.9X552=25336,8 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.2, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება (სასამართლო სხდომის ოქმი); საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.