დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹339/საზ ქ. თბილისი
27 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენით ა. ა-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ა. ა-ნს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
განაჩენით მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, დროებითი გამოყენების მიზნით, არაერთგზის, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებული ა. ა-ნი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ა. ა-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან შვიდ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებს (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, არაერთგზის), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ”, ,,დ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ა-ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა კვალიფიკაცია განსაზღვრულია სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენი ა. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.