შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 17.12.2007
საქმის ნომერი
367საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

367-საზ ქ. თბილისი

17 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ. ო-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» და ,,დ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,184-ე მუხლის მესამე ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით ვ. ა-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,დ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, 19,184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 6 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ: მსჯავრდებულები – გ. ო-ძე და ვ. ა-ძე გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. საბოლოოდ გ. ო-ეს სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო ვ. ა-ეს - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

განაჩენით მსჯავრდებულ გ. ო-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; მანვე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; მანვე ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება.

მსჯავრდებული გ. ო-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. ო-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსი 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ო-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განასაზღვრული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება,რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ო-ის მიერ ჩადენილ სხვა ქმედებას, რომლის კვალიფიკაცია განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამ ქმედებასთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა და მიიჩნევს, რომ განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ა-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ:

ზემომითითებული მოტივებით, ვ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის - სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულების – გ. ო-სა და ვ. ა-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

1. მსჯავრდებულ გ. ო-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან;

მსჯავრდებულ გ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, 19,184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით სასჯელის ზომად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით.

2. მსჯავრდებულ ვ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან;

მსჯავრდებულ ვ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, 19,184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით სასჯელის ზომად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.