შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 15.02.2008
საქმის ნომერი
2კ-1036აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.02.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

1036აპ ქ. თბილისი

15 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დ. ჭ-ძე, _ დაბადებული ....... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ასევე _ მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება; ასევე _ გამოძალვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. ჭ-ძე 2003 წლის 22 დეკემბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა ა. ქ-ძეს და დაუდგენელ სამ ბოროტმოქმედს, რომლებმაც მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით თავს დასხმოდნენ ქ. ქუთაისში, ........ ¹11-ში მცხოვრებ ე. მ-ის ოჯახს, რათა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ამ უკანასკნელისა და მისი ოჯახის წევრების ფულსა და ნივთებს, ასევე გაეტაცებინათ მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტი.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს, დაახლოებით 01.30 საათზე, დ. ჭ-ძემ და ა. ქ-ძემ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტით, ხელყუმბარითა და დანით აღჭურვილ სამ თანამზრახველ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ბინაში, სადაც, ე. მ-ის გარდა, იმყოფებოდნენ მისი მეუღლე _ მ. ჯ-ი, შვილები _ ჟ. და გ. მ-ები.

თავდამსხმელებმა მ. ჯ-ი ნივთების მოსაძებნად გამოიყენეს, ხოლო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ე., ჟ. და გ. მ-ები ერთად მოათავსეს სახლის საძინებელ ოთახში არსებულ საწოლზე, რა დროსაც ა. ქ-ძე გავიდა სამზარეულო ოთახში და იმ იმედით, რომ ვერ შეამჩნევდნენ, სახიდან აიხსნა ნიღაბი, რაც შენიშნეს ე. მ-ძემ და მისმა შვილებმა. განახორციელეს რა ყაჩაღური თავდასხმა, დ. ჭ-ძემ და მისმა თანამზრახველებმა გაიტაცეს მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტი _ ე. მ-ის სახელზე გაცემული ავტომობილის მართვის მოწმობა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მ-ების კუთვნილი ქონება და ფულადი თანხა, სულ _ 8626 ლარად და 30 თეთრად ღირებული მატერიალური ფასეულობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2004 წლის 7 თებერვალს გაიჩხრიკა დ. ჭ-ის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ამოიღეს ე. მ-ის სახლიდან ყაჩაღობის დროს გატაცებული „ტაიგერის“ ფირმის ელექტროგენერატორი.

2005 წლის 15 აგვისტოს დ. ჭ-ძემ და დაუდგენელმა ორმა პირმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა და ყაჩაღური თავდასხმის გზით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ დიდი ოდენობით სხვისი ნივთი.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ იმავე დღეს, პისტოლეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებით აღჭურვილებმა, თავდასხმის ობიექტად შეარჩიეს ქ. ქუთაისში, .......21-ში მცხოვრებ მ. ც-ის ოჯახი. დაახლოებით 03 საათზე დ. ჭ-ძემ და დაუდგენელმა ორმა პირმა ნიღბებით, სახლის პირველ სართულზე მდებარე ფანჯრის დამცავი გისოსების გადაჭრის გზით, უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ სახლში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით მ. ც-საგან ყაჩაღურად გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ნივთები, ფულადი თანხა და 8000 ლარად ღირებული „ფოლცვაგენ-ვენტოს“ მოდელის ავტომანქანა და ამ მანქანის ტექნიკური პასპორტი, სულ _ 13 767 ლარად ღირებული მატერიალური ფასეულობა, რის შემდეგაც დ. ჭ-ძემ თანამზრახველებთან ერთად ავტომანქანა გადამალა დ. მ-ის ავტოფარეხში.

განახორციელა რა ყაჩაღური თავდასხმა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, დ. ჭ-ძე თანამზრახველ პირებთან ერთად გატაცებული „სონი-ჯ“ მოდელის მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა მ. ც-ს და ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მისი გატაცებული ავტომანქანის განადგურების მუქარით სძალავდნენ 2 000 აშშ დოლარს, რაზედაც ეს უკანასკნელი არ დასთანხმდა და იმავე დღეს განცხადებით მიმართა იმერეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოს.

2005 წლის 2 სექტემბერს გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გაიჩხრიკა ქ. ქუთაისში, .......ში მდებარე დ. მ-ის საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ავტოფარეხიდან ამოღებულ იქნა დ. ჭ-ს მიერ ყაჩაღური გზით გატაცებული მ. ც-ს კუთვნილი „ვოლცვაგენ-ვენტოს“ მოდელის ავტომანქანა და ტყავის ქარქაშიანი დანა.

დ. ჭ-მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი _ 7,62 მმ კალიბრიანი „ტტ-ს“ პისტოლეტი და საბრძოლო მასალა – იმავე სისტემისა და კალიბრის 8 ცალი ვაზნა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ქ. ქუთაისში, .... შესახვევი, ¹4-ში მცხოვრები დეიდაშვილის _ ი. შ-ის საცხოვრებელ სახლში.

2005 წლის 18 სექტემბერს ქ. ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მუშაკებმა გაჩხრიკეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც დააკავეს დ. ჭ-ძე, ხოლო ჩხრეკის შედეგად აღნიშნული სახლის შესასვლელ ოთახში მდებარე საწოლის ზეწრის ქვემოდან ამოიღეს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

აღნიშნული ქმედებისათვის დ. ჭ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 18 სექტემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ჭ-მ. მან ითხოვა განაჩენის გაუქმება, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის მინიმუმის შეფარდება, ხოლო ბრალდების დანარჩენ ნაწილში _ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: დ. ჭ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული დ. ჭ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება; სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და აშკარად ტენდენციური და მიკერძოებული განაჩენი დაადგინა; განაჩენს საფუძვლად დაედო მსჯავრდებულის ბინაში აღმოჩენილი გენერატორი, რომელიც დ. ჭ-მ მეუღლესთან ერთად შეიძინა ბაზრობაზე თავის პასპორტთან ერთად; გენერატორის პასპორტი ასევე წარადგინა დაზარალებულმა ე. მ-მ; გენერატორს პასპორტი რომ არ ჰქონოდა, მსჯავრდებული დაეჭვდებოდა და აღარ იყიდდა; რაც შეეხება განაჩენს საფუძვლად დადებულ მეორე მტკიცებულებას, ეს იყო სიმბარათი, რომელიც დ. ჭ-ს მეუღლემ შეიძინა ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე პიროვნებისაგან, რომელიც „მაგთის” ოფისიდან ყიდულობდა და წყვილნომრიან ბარათებს 5 ლარით მეტ ფასში ყიდდა; ამ პირს თავად დაზარალებულმა ე. მ-მ მიაგნო; შეიძლებოდა, ეს სიმბარათი, სანამ მსჯავრდებულის მეუღლე შეიძენდა, მანამდე დებულიყო ე. მ-ის ქალიშვილის მობილურ ტელეფონში; ყაჩაღობის ჩადენის მომენტში დ. ჭ-ძე დაჭრილი იყო ფეხში და ყავარჯნით დადიოდა; დაზარალებულმა კი არ დაადასტურა, რომ ყაჩაღებს შორის რომელიმე კოჭლობდა ან ყავარჯენი ეჭირა; დაზარალებულები მისი მეზობლები არიან და ნიღბითაც კი ადვილად ამოიცნობდნენ.

მსჯავრდებულის აზრით, მ. ც-ის საცხოვრებელი სახლის დაყაჩაღება იყო დადგმული სპექტაკლი, რადგან დ. მ-ი, ვის ავტოფარეხშიც აღმოაჩინეს ავტომანქანა, თავად არის ყაჩაღი; მსჯავრდებულს მასთან არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია; ამ მოწმემ სასამართლოს იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა, რომ ცხადი იყო, ის ცრუობდა; მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს დაზარალებულის კუთვნილი დანა; სასამართლომ ისიც კი არ დაიჯერა, რომ თავად დ. ჭ-მ არ იცის ავტომანქანის მართვა; დ. მ-ს კი ისე დაუჯერეს, რომ დანაშაულის დაფარვისთვისაც კი არ მისცეს პასუხისგებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას დოკუმენტის გატაცების, ყაჩაღობისა და გამოძალვის ნაწილში, მით უფრო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ინვალიდი დედა, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან. მსჯავრდებული აღიარებს იარაღის შენახვისა და ტარების ფაქტს და ითხოვს ამ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა მ. ც-მ განმარტა, რომ ყაჩაღურად თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი, რომელთაგან ერთს ჰქონდა ავტომატი, ხოლო სხვებს _ პისტოლეტები. სხვა ნივთებთან ერთად გასტაცეს 8 000 ლარად ღირებული ავტომანქანა. ბოროტმოქმედები პერიოდულად უკავშირდებოდნენ და ავტომანქანის სანაცვლოდ სთხოვდნენ 2 000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში _ ემუქრებოდნენ მისი განადგურებით (ტ. 4, ს.ფ. 8-14; 35-38).

ბინიდან, სადაც დააკავეს დ. ჭ-ძე, ამოღებულ იქნა ,,ტტ"-ს სისტემის პისტოლეტი და ვაზნები (ტ. 3, ს.ფ. 184-186; 206-207).

დადგენილია, რომ მ. ც-ის ავტომანქანა ამოიღეს დ. მ-ის სახლიდან (ტ. 4, ს.ფ. 82-89). ამ უკანასკნელმა სასამართლოს განუმარტა, რომ მანქანა მიუყვანა დ. ჭ-ძემ და სთხოვა, რამდენიმე დღით ავტოფარეხში გაეჩერებინა. მანვე მიუთითა, რომ მოგვიანებით, დ. ჭ-ის გარდა, ავტომანქანით არავინ დაინტერესებულა (ტ. 4, ს.ფ. 346-350).

დაზარალებულმა ე. მ-მ განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად, სხვა ნივთებთან ერთად, გასტაცეს ელექტროგენერატორი და მობილური ტელეფონის აპარატი ,,სიმენს-ც55". მოგვიანებით მან ამოიცნო გატაცებული გენერატორი, ხოლო ხსენებულ მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა დ. ჭ-ის სიმბარათი. მას დ. ჭ-ის სახელით ეუბნებოდნენ, რომ მისცემდნენ ფულს და ნივთებს, მაგრამ უარი თქვა (ტ. 4, ს.ფ. 283-295).

საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით დასტურდება, რომ ე. მ-მ ამოიცნო დ. ჭ-ის სახლიდან ამოღებული ელექტროგენერატორი (ტ. 1, ს.ფ. 137). ის გარემოება, რომ გატაცებულ მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა დ. ჭ-ის სიმბარათი, დასტურდება შპს ,,მაგთიკომიდან" ამოღებული ინფორმაციით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და ანალიზით უდავოდ დადასტურებულია და ეჭვს არ იწვევს, რომ დ. ჭ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები და გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.

ამასთან, მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.

ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა, ასევე _ მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, დ. ჭ-ს დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.

ამასთან, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი. ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე, ხოლო ნაწილობრივ შეიკრიბა მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთათვის სასჯელები, მსჯავრდებულისათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განაჩენი შეიცვალოს: დ. ჭ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე;

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დ. ჭ-ს გაუნახევრდეს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და დ. ჭ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.