ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1047აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1047აპ 4 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულ ვ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით გ. V-ი _ დაბადებული ........ წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, მცხოვრები მცხეთის რაიონის სოფელ ....... _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

განაჩენის მიხედვით, გ. V-ს მსჯავრი დაედო ცემისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2005 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ........ მცხოვრები ვ. ყ-ი იმყოფებოდა საკუთარ ეზოში და რწყავდა ხეხილს, რა დროსაც მასთან მივიდა იმავე სოფელში მცხოვრები გ. V-ი და მოსთხოვა მას წყლის გამოყენების შეწყვეტა, რადგან მისი რიგი იყო. აღნიშნულის ნიადაგზე ისინი შეკამათდნენ, რა დროსაც გ. ვ-მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი წააქცია მიწაზე და დაუწყო ცემა, რის შედეგადაც ვ. ყ-მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა ვ. ყ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციისა დ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გ. ვ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებასა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენი გ. ვ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა ვ. ყ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს განაჩენის მსჯავრდებულისათვის საუარესოდ შებრუნებას, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2007 წლის 14 მაისის განაჩენის გაუქმებას და გ. ვ-ს დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებასა და მისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დადგენას, იგი ასევე ითხოვს მის სასარგებლოდ მსჯავრდებულ გ. ვ-სათვის 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის დაკისრებას, რომელიც მას მკურნალობისთვის დასჭირდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ვ-ს მიმართ და შეამოწმა დაზარალებულ ვ. ყ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ვ. ყ-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მსჯავრდებულ გ. ვ-ს საუარესოდ შებრუნების, კერძოდ კი კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან საამისოდ საქმის მასალებში არ მოიპოვება სათანადო საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მსჯავრდებულ გ. ვ-ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი განსაზღვრულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ვ-ის ქმედებით მისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაზარალებულ ვ. ყ-ს შეუძლია კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს და ბრალეული პირისგან მოითხოვოს აღნიშნული ზიანის ანაზღაურება.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ვ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მას სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით უნდა გაუნახევრდეს. ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ვ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რის შესახებაც ასევე მითითებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენის აღწერილობით ნაწილში. თუმცა, იმავე განაჩენის სამოტივაციო ნაწილსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განაჩენში მითითებულია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლზე, ხოლო მუხლის ნაწილზე მითითება არ არის, რის გამოც საკასაციო პალატის მიერ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა დაზუსტდეს მსჯავრდებულ გ. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, კერძოდ, აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის ნაცვლად უნდა მიეთითოს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ვ-ს სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაზარალებულ ვ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ვ-ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან გ. ვ-ს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი _ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაუნახევრდეს და მას სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.