შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
1144აპ ქ. თბილისი
30 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ქ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის განაჩენით რ. ქ., _ დაბადებული --- წელს, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ოზურგეთის რაიონის დაბა ლ---ში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 127-ე მუხლით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე დაეკისრა დაზარალებულების _ მ. დ-ს სასარგებლოდ _ 5 535 ლარის, ე. ნ-ს სასარგებლოდ _ 260 ლარის გადახდა; ლ. და მ. ც-ების მიმართ სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა წარმოება მათ მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 10 საათზე, დაბა ოჩხამურის ტერიტორიაზე რ. ქ-მ სხვა ორ პირთან ერთად, დაუდგენელი ნომრის „კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ლ. ც-ს მართვის ქვეშ მყოფი, ზ. ც-ს კუთვნილი ავტომანქანის დაუფლების მიზნით თავისუფლება აღუკვეთა ლ. ც-ს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით აიძულა, გაეჩერებინა მანქანა დაბა ოჩხამურის ტერიტორიაზე, ჩაის პლანტაციებს შორის გამავალ გზაზე, რის შემდეგ ლ. ც-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ, 150 ლარად ღირებულ, „სიმენს-45» მოდელის მობილურ ტელეფონსა და ფულს 4 ლარის ოდენობით. 19 საათამდე, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარის ქვეშ, იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყოფა დაზარალებული ზემოაღნიშნული ავტომანქანის სალონში, ხოლო 19 საათის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე, სხვა პირთან ერთად, შეუკრა ხელ-ფეხი და მიაბა ხეზე, რამაც გულით დაავადებული ლ. ც., რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, თავის დასაცავად მიეღო ზომები, ჩააყენა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, რის შემდეგ თანამზრახველებთან ერთად მიისაკუთრა ლ. ც-ს კუთვნილი ავტომანქანა და გადაიყვანა ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში.
რ. ქ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დაუდგენელი რაოდენობის საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
2004 წლის 19 მარტს, დაახლოებით 19 საათზე, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა რ. ქმ, დაუდგენელ ორ პირთან ერთად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ღია კარით უკანონოდ შეაღწია მ. დ-ს ბინაში, მდებარე ქ. ბათუმში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით თავს დაესხა ბინაში მყოფ მ. დ-სა და მის სტუმარს _ ე. ნ-ს. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ბოროტმოქმედებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით მ. დ-სა და ე. ნ-ს შეუკრეს ხელ-ფეხი, ჩაკეტეს სააბაზანოში და აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგ მიისაკუთრეს მათი კუთვნილი ნივთები, რითიც მ. დ-ს სულ მიაყენეს 5 535 ლარის, ხოლო ე. ნ-ს _ 260 ლარის ოდენობის ზიანი.
რ. ქ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 6,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება, გამშრალი „მარიხუანა», რომელსაც უკანონოდ ინახავდა შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში და რომელიც ამოიღეს 2004 წლის 8 აგვისტოს რ. ქ-ს პირადი ჩხრეკის დროს პოლიციელებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული რ. ქ. თავის საჩივრებში აღნიშნავს, რომ უდანაშაულოა, საქმე გამოძიებულია ცალმხრივად და ტენდენციურად, ხოლო დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ხასიათსა და პიროვნებას და მეტისმეტად მკაცრია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ რ. ქ-მ ჩაიდინა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 127-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისმადე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედებები, კერძოდ:
დაზარალებულმა მ. დ-მ სასამართლო სხდომაზე დამაჯერებელად ამხილა რ. ქ. და კატეგორიულად განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი იყო რ. ქ. თავდამსხმელებმა მ. დ-ს და ბინაში მყოფ ე. ნ-ს შეუკრეს ხელები და ჩაკეტეს სააბაზანოში
მ. დ-მ საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე, დამსწრეთა მონაწილეობი ამოიცნო რ. ქ. და კატეგორიულად განმარტა, რომ სწორედ იგი იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი.
ყაჩაღურ თავდასხმაში რ. ქ. ამხილა დაზარალებულმა ე. ნ-მაც
დაზარალებულ ლ. ც-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ყაჩაღურად თავს დაესხა სამი პირი, მათ შორის _ რ. ქ. წებოვანი ლენტით აუკრეს პირი და მიაბეს ხეზე. როდესაც თავი გაითავისუფლა, ღამე იყო და გზა ვერ გაიგნო. აწუხებს გულის ავადმყოფობა და მომხდარის გამო შოკში ჩავარდა, დაჰკარგა გონი და დილამდე უგონოდ იყო (ტ. 2, ს.ფ. 330-331).
დაზარალებულმა საქმის წინასწარი გამოძიებისას დამსწრეთა მონაწილეობით ამოიცნო რ. ქ.
დადგენილია, რომ დამსწრეთა მონაწილეობით ჩატარებული პირადი ჩხრეკისას რ. ქ-ს აღმოაჩნდა 6,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა"
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა ამოღებული ავტომატური იარაღი, რომელზეც მიუთითებენ დანაშაულის თვითმხილველები, შესაბამისად, არ გარკვეულა მისი ვარგისიანობის საკითხი და არც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი იკვეთება. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი რ. ქ-ს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს რ. ქ-ს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
გარდა ამისა, მსჯავრდებულს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან რ. ქ. სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე ფაქტობრივად არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.
იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება ფაქტობრივად არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელების ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულებს, წარადგინონ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ვინაიდან ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ნაწილობრივ შეიკრიბა მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელები, რამაც შთანთქა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელები, რ. ქ-სათვის დანიშნული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ქ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში რ. ქ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულ რ. ქ-სათვის დაზარალებულების _ მ. დ-სა და ე. ნ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულისათვის საბოლოო სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.