დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1442აპ ქ. თბილისი
12 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ქ-ძის, მსჯავრდებულ ლ. ქ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ვ. კ-სა და ლ. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 აპრილის განაჩენით:
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ი. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა ფ. ბ-თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით:
ფ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. თანხა უნდა ჩაირიცხოს ცენტრალურ ბიუჯეტში, სახაზინო კოდი 3152.
ფ. ბ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
რ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. თანხა უნდა ჩაირიცხოს ცენტრალურ ბიუჯეტში, სახაზინო კოდი 3152.
რ. ქ-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
ლ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, რ. ქ-ძის, ლ. ქ-ძისა და ფ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 5 აგვისტოს, საღამოს საათებში, ნასვამი რ. ქ-ძე და მისი მეგობარი ო. ჩ-ი შევიდნენ ქ. საგარეჯოში მდებარე მაღაზია „ელიტაში“, სადაც რ. ქ-ძემ მაღაზიის გამყიდველ ნ. ი-ს მოსთხოვა ე.წ. „ნისიად“ მიეცა ორი ბოთლი ლუდი. გამყიდველის მიერ ლუდის მიცემაზე უარის თქმის შემდეგ განაწყენებულმა რ. ქ-ძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ი-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც მაღაზიაში შევიდა ნ. ი-ს ბიძა გ. გ-ი და მათ უთხრა მაღაზიის გამყიდველისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ, რ. ქ-ძემ მასაც დაუწყო გინება, ხელები წაუჭირა ყელში და განაგრძობდა მის გინებას. ამ დროს მაღაზიაში შევიდნენ ო. კ-ი, თ. ა-ი და გ. მ-ძე, რომლებიც ცდილობდნენ რ. ქ-ძის შეჩერებას, ამასთან, გ. მ-ძემ პირზე ააფარა ხელი რ. ქ-ძეს, რათა გაეჩუმებინა, მაგრამ იგი ხალხის თვალწინ კვლავ განაგრძობდა გ. გ-ის გინებას და იწევდა მის საცემად.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გ. გ-ის ახლობელს ფ. ბ-სა და რ. ქ-ის ძმას იმავე საღამოს მოუხდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც გადაწყვიტეს მეორე დღეს შეხვედროდნენ ერთმანეთს და გაერკვიათ ურთიერთობები. 2006 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 13 საათზე, ძმები _ ლ. და რ. ქ-ბი, ნ. გ-ი, ა. გ-ი, ო. ბ-ი, ნ. ბ-ი, ო. ჩ-ი, ვ. გ-ი, ვ. გ-ი და რ. გ-ი მივიდნენ საგარეჯოს მახლობლად, ტყეში ე.წ. „წყლის სათავეში“. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ იმავე ადგილზე მივიდნენ ფ. ბ-ი, მისი ძმა გ. ბ-ძე, ნ. რ-ი და ზ. გ-ი. ერთი მხრივ ლ. ქ-სა და მეორე მხრივ ფ. ბ-ის მეგობრებს შორის დაიწყო კამათი, რაც ჩხუბში გადაიზარდა, ჩხუბის დროს ფ. ბ-ი აგინებდა გარშემომყოფებს, დანის დასარტყმელად იწევდა ლ. ქ-სა და მის ამხანაგებზე, მაგრამ ისინი არ აძლევდნენ ამის საშუალებას. მისი მოქმედება შეწყდა მას შემდეგ, რაც ფ. ბ-სა და მის თანმხლებ პირებზე განაწყენებულმა ლ. ქ-ძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ფ. ბ-სა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, მაგრამ ტყვია მოხვდა იქვე მყოფ ნ. გ-ს, რომელიც მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. ლ. ქ-მ რამდენჯერმე ისროლა, რის შედეგადაც გ. ბ-ს მიაყენა მარცხენა წვივის ცეცხლნასროლი ჭრილობა, დიდი წვივის ძვლის ღია მოტეხილობით, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, ხოლო ფ. ბ-ს მიაყენა მარცხენა ბარძაყის, მარცხენა და მარჯვენა მხარის ცეცხლნასროლი ჭრილობები. ფ. ბ-ი და გ. ბ-ძე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მათ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის დადგენილებით განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის მე-10 გვერდის მე-5 აბზაცი დაზუსტდა შემდეგნაირად: ,,ფ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით”.
სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი დაზუსტდა შემდეგნაირად:
რ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი”.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. ქ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოხსნას. კასატორის განმარტებით, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ: წინასწარი გამოძიების ეტაპზე რ. ქ-ძე შეურიგდა დაზარალებულებს და მათ განცხადებაში ითხოვეს გამოძიებას შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმე გ. გ-მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, ხოლო მოწმე ნ. ი-მა მისცა ყალბი ჩვენება. სასამართლოს შეეძლო, რ. ქ-ძე გაეთავისუფლებინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან იგი პირველადაა სამართალში, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უმუშევარია, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა.
მსჯავრდებულ ლ. ქ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ვ. კ-ძე და ლ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ლ. ქ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, გამოტანილია სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევით, მსჯავრდებულის ქმედების არასწორი კვალიფიკაციით, გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
დაზარალებული ტ. ც-ი შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულ რ. ქ-ის აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულების, ასევე მოწმეთა ჩვენებებით რ. ქ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოხსნის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ რ. ქ-ძე უმუშევარია, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ქ-ძეების ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიას.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზარებს მსჯავრდებულ რ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის თანახმად, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.
საქმეში არსებული განცხადებების თანახმად, დაზარალებულები _ ნ. ი-ი და გ. გ-ი შეურიგდნენ რ. ქ-ს და მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ (ტ.1.ს.ფ. 262,263).
წინასწარი გამოძიების ეტაპზე ამ განცხადებებზე გამოძიებას არანაირი სახის გადაწყვეტილება არ მიუღია, რაზეც კანონის შესაბამისად, დაცვის მხარეს რეაგირება არ მოუხდენია. ხოლო I-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ი-მა აჩვენა, რომ რ. ქ-ს მისთვის ბოდიში არ მოუხდია და ის მასთან შერიგებული არ არის.
ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული განცხადებები დაუდოს საფუძვლად რ. ქ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლ. ქ-ს არ ჩაუდენია დანაშაული.
მსჯავრდებულ ლ. ქ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა სრულადაა დადასტურებული მოწმეების _ რ. გ-ის, ვ. გ-ის, ო. ჩ-ის, ნ. ბ-ის, პ. კ-ის, ლ. გ-ისა და სხვათა ჩვენებებით, დაზარალებულ ტ. ც-ის ჩვენებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2006 წლის 6 აგვისტოს გაცემული დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული მასალებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მსჯავრდებულ ლ. ქ-ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ. ქ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი _ 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არასწორად დაენიშნა ცალ-ცალკე სასჯელი, ვინაიდან ლ. ქ-ძე მოქმედებდა ერთიანი განზრახვით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ იმ მიმართებით, რომ ლ. ქ-ძეს უნდა ამოერიცხოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი. მას სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის უნდა მიესაჯოს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ლ. ქ-ძეს საბოლოოდ სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ლ. ქ-ს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი.
მსჯავრდებულ ლ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯოს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ლ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.