შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1544აპ-07 ქ. თბილისი
14 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. სულაქველიძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი, მ. ოშხარელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. გ-ი, _ დაბადებული …. წელს ….. რაიონში, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. რუსთავში, ……….., _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების შედეგად, მას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
განაჩენით ზ. გ-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. გ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენილი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი _ “ჩზ-ს” სისტემის პისტოლეტი თავისივე 9 მმ კალიბრიანი, პ-08 ნიმუშის საბრძოლო ვაზნებით, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა დაუდგენელ ადგილზე და ატარებდა.
2001 წლის 10 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ზ. გ-ი მეგობრებთან _ ო. ა-სა და ლ. დ-სთან ერთად შევიდა სავახშმოდ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა ¹40-ში მდებარე სასაუზმე “თეთრ რაშში”, სადაც შეხვდა ნაცნობს _ ა. ო-ს, რომელიც აგრეთვე დაპატიჟა სუფრაზე და დაიწყეს ქეიფი. ქეიფი გაგრძელდა დაახლოებით ღამის 24 საათამდე. სუფრის მიწურულს ზ. გ-სა და ო. ა-ს შორის მოხდა შეკამათება, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, თუმცა მათ ურთიერთფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საშუალება არ მისცეს იქ მყოფმა ლ. დ-მ და ა. ო-მა. ამის შემდეგ ზ. გ-მა დატოვა სასაუზმე და წავიდა თავისი დროებითი საცხოვრებელი ბინის მიმართულებით. რამდენიმე ხანში ურთიერთობის გარკვევის მიზნით ზ. გ-ს ბინასთან მივიდნენ ო. ა-ძე და ლ. დ-ძე. ამ დროს საცხოვრებელი ბინიდან ეზოში გამოვიდა ზ. გ-ც, რომელსაც თან ჰქონდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული “ჩზ-ს” სისტემის პისტოლეტი თავისივე საბრძოლო ვაზნებით. განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით განიზრახა რა ო. ა-ს მოკვლა, ზ. გ-მა ცალკე გაიხმო იგი და როცა ო. ა-მ დაიწყო მისი მიმართულებით მოძრაობა, დაახლოებით 2-3 მეტრი მანძილიდან ოთხჯერ ესროლა მას ზემოთ ხსენებული პისტოლეტიდან, რითაც ო. ა-მ მიიღო ოთხი ცეცხლნასროლი დაზიანება, კერძოდ, გულმკერდის არეში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, შინაგანი ორგანოს _ ფილტვის დაზიანებით, შინაგანი და გარეგანი სისხლდენით, აგრეთვე მსუბუქი ხარისხის დაზიანება მარცხენა ბარძაყის არეში ბრმა ჭრილობის სახით. გულმკერდის არეში მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანების შედეგად ო. ა-ძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. გ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ მან მკვლელობა ჩაიდინა აფექტის მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულის, აწ გარდაცვლილ ხ. ა-ს მხრიდან, რომელიც თავს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლად თვლიდა, მის მიმართ არაერთგზის განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, ასევე უშუალოდ მომხდარი შემთხვევის დროს ხ. ა-ს მიერ მისი პიროვნებისა და ოჯახის წევრების _ ახლო ნათესავების მძიმე შეურაცხყოფით. გარდა ამისა, აპელანტი მიუთითებს, რომ მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ამასთან, მიუხედავად ყველაფრისა, გულწრფელად ინანიებს თავის მიერ ჩადენილ ქმედებას, რასაც ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მოჰყვა.
საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა, 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიმართ უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი, იმავე ძირითადი მოტივების საფუძველზე, რაც მას მითითებული ჰქონდა თავის სააპელაციო საჩივარში, ითხოვს თავის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის განსაზღვრას სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიმართ და შეამოწმა მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ წარმოდგენილ ვერსიას იმის თაობაზე, რომ დანაშაულის ჩადენისას ის იმყოფებოდა აფექტის _ უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რადგან მოწმეთა ჩვენებებიდან, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებიდან და თვით მსჯავრდებულის დანაშაულის ჩადენის შემდგომი ქცევიდან გამომდინარე, არ მოიპოვება დასაბუთებული საფუძველი დასკვნისათვის აფექტის შესაძლო არსებობის თაობაზე. ამასთან, საქმეში მოიპოვება საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ ხ. ა-ს განზრახ მკვლელობის ფაქტს, ჩადენილს ზ. გ-ს მიერ მათ შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი შურისძიების მოტივით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიმართ განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინეს რეალურად არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც მსჯავრდებულის სასარგებლოდ არსებობდა, კერძოდ ის, რომ ზ. გ-ი პირველად არის სამართალში; წარსულში ხასიათდება დადებითად, მომხდარი შემთხვევისას კონფლიქტის ინიციატორი, როგორც საქმის გარემოებები მოწმობს, იყო თვით დაზარალებული, აწ გარდაცვლილი ხ. ა-ძე, რომლის ვიქტიმურმა ქცევამ გარკვეულწილად განაპირობა კონფლიქტის წარმოშობა და შემდგომი განვითარება, ამასთან, მსჯავრდებული, მართალია, არ ეთანხმება თავის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციას, მაგრამ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
ამრიგად, მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას უნდა შეფასდეს აღნიშნული გარემოებები, რომელთა გათვალისწინებით, მას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ იქნება ზედმეტად მკაცრი და უსამართლო, ამასთან, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. გ-ს სასამართლოს მიერ განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით უნდა შეუმცირდეს 4 (ოთხი) წლით და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. შესაბამისად, მას უნდა შეუმცირდეს განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი და ასეთ სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, რისთვისაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ზაურ გურჩიანის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ვადა _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით შეუმცირდეს 4 (ოთხი) წლით და ამ ნაწილში მას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რასაც დაემატოს აღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.