შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1601აპ. ქ. თბილისი
5 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის განაჩენით მ. ს-ი, _ დაბადებული .... წელს, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ მ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 8 იანვარს მ. ს-მა განიზრახა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ გასაღება გამოძიებით დაუდგენელ პირზე. თავისი მართლსაწინააღმდეგო განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი შვილთან _ ლ. ს-თან ერთად ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა. მ. ს-მა შვილს პოლიეთილენის პარკი მისცა, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად მოთავსებული იყო 8,6 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, მაგრამ აღნიშნულის შესახებ შვილისათვის არ უთქვამს და სთხოვა, რომ პოლიეთილენის პარკი მეტროს სადგურ „ნაძალადევის“ ტერიტორიაზე მყოფ, ვინმე ,,რობიზონისათვის” გადაეცა, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. დედას პოლიეთილენის პარკი გამოართვა, მაგრამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინმე ,,რობიზონს” ვერ გადასცა, ვინაიდან იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მარგარიტა სახიაშვილისაგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. ასევე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარდა მარგარიტა სახიაშვილის ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს 38.1 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა”, რის საფუძველზე იგი დააკავეს.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ს-მა და პროკურორმა გ. გ-მა. მსჯავრდებული მ. ს-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო პროკურორი _ სასჯელის გამკაცრებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. თ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მ. სახიაშვილს პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ერთიანი განგრძობადი დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მსჯავრდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება შეიძინა და შეინახა იმ მიზნით, რომ მოეხდინა მისი შემდგომი რეალიზება, მას ამოძრავებდა ერთიანი მიზანი და საერთო განზრახვა. ადვოკატი მ. ს-ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმე ლ. ს-ის დაკითხვის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით მ. ს-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ მ. ს-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოება: მის მიერ ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონის შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო არაერთგზისი დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ ორი ეპიზოდიდან ერთი დამთავრებულ დანაშაულს წარმოადგენდა, ხოლო მეორე _ დანაშაულის მცდელობას, მსჯავრდებულს უნდა დანიშვნოდა ერთი სასჯელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედებების გამო თითოეული მათგანისათვის სასჯელის ცალ-ცალკე დანიშვნით, როგორც ეს გააკეთა სააპელაციო სასამართლომ, დაირღვა სისხლის სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ქმედების სიმძიმისა და სასჯელის თანაზომობის თაობაზე, რადგან მსგავს შემთხვევაში, თუკი მეორე ეპიზოდშიც დანაშაულის მცდელობის ნაცვლად მ. ს-ი ჩაიდენდა უფრო მძიმე ქმედებას _ დამთავრებულ დანაშაულს, მაშინ მთლიანობაში კვალიფიკაცია განისაზღვრებოდა ერთი მუხლით _ არაერთგზისობის ნიშნის საფუძველზე და მსჯავრდებულ მ. ს-ის მიმართ დაინიშნებოდა ერთი სასჯელი, ე.ი. უფრო მსუბუქი სასჯელი, ვიდრე დაინიშნა შედარებით ნაკლები სიმძიმის ქმედებისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სათანადო ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილშიც, კერძოდ, მსჯავრდებულ მ. ს-ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი, რომლის ზომა არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული განაჩენით უფრო მძიმე ქმედებისათვის მის მიმართ დანიშნულ სასჯელს _ 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას. ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება სამართლებრივი საფუძველი მსჯავრდებულ მ. ს-ის მიმართ კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის დანიშვნისათვის, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ _ იმ თვალსაზრისით, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილი ცვლილების შედეგად მას გარკვეული ზომით უმცირდება ამ განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ მ. ს-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 19,260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.