დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.04.2008
საქმის ნომერი
2კ-1656აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1656აპ ქ. თბილისი

10აპრილი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განაჩენით გ. ბ-ძე, _ დაბადებული ..... წელს, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით გ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო _ 3 დღე.

2007 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 18.30 საათზე, ნასვამმა გ. ბ-მ დაბა ბაკურიანში შენიშნა ცხენიანი მარხილით მიმავალი მ. ძ-ძე და განიზრახა მას ყაჩაღურად თავს დასხმოდა. გ. ბ-მ შეაჩერა მ. ძ-ძე და მოსთხოვა გამომუშავებული თანხა, ხოლო როდესაც უარი მიიღო, ორჯერ დაარტყა მუშტი სახეში. იმავდროულად, მან ამოიღო გასაშლელი დანა, მ. ძ-ს მიადო ყელზე და ამ გზით დაეუფლა ორ ლარს.

აღნიშნული ქმედებისათვის გ. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 6 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა. მათ მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ ადვოკატი ბ. გ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გ. ბ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმე განხილულ იქნა საპროცესო კანონის არსებითი დარღვევებით; სასამართლომ არასწორად გამოიყენა სისხლის სამართლის კანონი, რაც განაჩენის გაუქმების საფუძველია.

კასატორის განმარტებით, გ. ბ-ძე მ. ძ-ს სთხოვდა 50 ლარს, რომელიც მას უნდა მიეცა გ. ბ-ის მეგობრისათვის მანქანის შესაკეთებლად; დაზარალებულმა შეგნებულად მისცა გამოძიებას ცრუ ჩვენება, როდესაც არ ახსენა ეს ფული; განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას; არარეალურია, რომ ადამიანმა, ყოველგვარი ნიღბის გარეშე, დააყაჩაღოს პირი, რომელსაც მისი ვალი მართებს.

ადვოკატის მოსაზრებით, წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე არ არის პროკურატურის ბეჭედი, ხოლო პროკურორის სახელით შესრულებული ხელმოწერა გაყალბებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ის მკვეთრად განსხვავდება პროკურორ ი. ფ-ს მიერ საქმეში არსებულ სხვა დოკუმენტებზე შესრულებული ხელმოწერებისაგან, მისი სიყალბე კი ნიშნავს იმას, რომ წინასწარი გამოძიების დაწყება პროკურორისათვის არ ყოფილა ცნობილი, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 261-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი; ჩხრეკის დამსწრე ა. ქ-ის ჩვენებით, დანა თავისი ჯიბიდან ამოიღო და პოლიციელებს მიაწოდა ბ. ბ-მ, თან განმარტა, რომ ეს დანა მას ეკუთვნოდა და არ შეიძლებოდა, ჰქონოდა რაიმე კავშირი დანაშაულის ჩადენასთან; სასამართლოს მოწმის სახით უნდა დაეკითხა ზ. კ-ძე და უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა პროკურორის სახელით შესრულებული ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ ბ. გ-ს მიაჩნია, რომ სასამართლო გამოძიება იყო არასრული; გ. ბ-ის ქმედებას მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება; საქმეში არ არსებობს გ. ბ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, ამიტომ ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას ან საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად ჭეშმარიტების დადგენისა და ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემის მიზნით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა მ. ძ-მ განმარტა, რომ მარხილით მოძრაობისას მიუახლოვდა მთვრალი მამაკაცი და მბრძანებლური ტონით მოსთხოვა თანხა. მ. ძ-მ უპასუხა, რომ ჰქონდა ორი ლარი, რის შემდეგაც თავდამსხმელმა შეაგინა და ორჯერ დაარტყა მუშტი თვალის არეში. ამასთან, მან ამოიღო წითელტარიანი გასაშლელი დანა, მიადო ყელზე და მოკვლის მუქარით მოსთხოვა გამომუშავებული თანხა. თავდამსხმელი დარწმუნდა, რომ დაზარალებულს ჰქონდა მხოლოდ ორი ლარი, რომელიც გამოართვა და უთხრა, რომ ყოველდღიურად მისთვის უნდა გადაეხადა ერთი ლარი. ამის შესახებ პოლიციაში შეტყობინების შემთხვევაში გ. ბ-ძე დაემუქრა მოკვლით. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ ბოროტმოქმედი ხუთი დღით ადრე ნახა, როდესაც მარხილი მოუცურდა და ავტომობილს მიედო. ამ დროს მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი, რომელსაც ახლდა გ. ბ-ძე (ს.ფ. 7-10; 84).

საგულისხმოა, რომ დაზარალებულის დაკითხვის მომდევნო დღეს გ. ბ-ის სახლიდან ამოღებულ იქნა წითელ ტარიანი გასაშლელი დანა (ს.ფ. 16-19).

საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოწმე გ. მ-მა განმარტა, რომ დაინახა, როგორ უყვიროდა გ. ბ-ძე მ. ძ-ს. მეორე დღეს ამ უკანასკნელმა უამბო, რომ გ. ბ-მ დანა მიადო ყელზე და წაართვა ორი ლარი (ს.ფ. 13-14; 75).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მ. ძ-ს მიერ მარხილით სხვისი _ ზ. კ-ის ავტომანქანის დაზიანებას არანაირი კავშირი არ აქვს გ. ბ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან და ასეთ ვითარებაში საფუძვლიანია სასამართლოს უარი ზ. კ-ის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 84).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ გ. ბ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ხოლო სასჯელის დანიშვნის ნაწილში _ სამართლიანი.

დადგენილია, რომ გ. ბ-ს წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო _ 3 დღე.

პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს არა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, არამედ მისი მოუხდელი ნაწილი, მოცემულ შემთხვევაში _ 2 წელი, 11 თვე და 27 დღე და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს: გ. ბ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით, ასევე _ ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ. ბ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით და ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.