განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1752აპ ქ. თბილისი
18 აპრილი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის განაჩენით მ. ქ-ა, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, მ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
მ. ქ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,0023 გრამი ნარკოტიკული საშუალება _ „ბუპრენორფინის“ შემცველი 0,155 გრამი პრეპარატ „სუბოტექსის“ ნატეხი და დიდი ოდენობით _ 0,07 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. 0,0023 გრამი ნარკოტიკული საშუალება _ „ბუპრენორფინის“ შემცველი 0,115 გრამი პრეპარატ „სუბოტექსის“ ნატეხი, ფოლგის ქაღალდში შეხვეული, ასევე უკანონოდ შეინახა თავის კუთვნილ „ფოლკსვაგენის“ მარკის სახელმწიფო ნომრით ....-... ავტომანქანაში, სიჩქარის კოლოფთან არსებულ სათავსში, ხოლო დიდი ოდენობით _ 0,07 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ _ ქურთუკის ქვედა, მარჯვენა ჯიბეში. 2007 წლის 14 თებერვალს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მუშაკების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქ. ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზირზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მ. ქ-ს კუთვნილი და მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფოლკსვაგენის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით .......ავტომანქანაში, სიჩქარის კოლოფთან არსებული სათავსიდან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0023 გრამი ნარკოტიკული საშუალება _ „ბუპრენორფინის“ შემცველი 0,015 გრამი პრეპარატ „სუბოტექსის“ ნატეხი, ხოლო პირადი ჩხრეკის შედეგად მ. ქ-ს ქურთუკის ქვედა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით _ 0,07 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. ქ-ს მოეხსნა განაჩენით ტექნიკური უზუსტობით ზედმეტად შერაცხული მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული მ. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, საქმე ემყარება მცდარ მტკიცებულებებს; ა/მანქანის ჩხრეკისას სიჩქარის კოლოფიდან ამოღებულ იქნა ფოლგის ქაღალდში გახვეული, ღიაყავისფერი ფხვიერი მასა, თუმცა ექსპერტიზაზე თეთრი, მყარი მასა აღმოჩნდა _ ,,სუბოტექსის” აბი. ამდენად, გაურკვეველია ღიაყავისფერი ფხვიერი მასა ექსპერტთან მიტანამდე როგორ გადაიქცა ,,სუბოტექსის” თეთრ, მყარ აბად; საქმეში არსებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება სასამართლო გამოძიების დროს განხილულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნები საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის თაობაზე.
საქმეში არსებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ. ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენის” სიჩქარის კოლოფთან არსებულ სათავსში აღმოჩენილ იქნა ფოლგის ქაღალდში გახვეული ღიაყავისფერი ფხვიერი მასა. ოქმი შეადგინა გამომძიებელმა რ. ლ-მა. აღნიშნულ ჩხრეკას ესწრებოდნენ დ. წ-ა, დ. ჩ-ა და მ. ქ-ა. ამ უკანასკნელმა ოქმში შენიშვნის სახით მიუთითა, რომ ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა (ტ.1.ს.ფ.7-9).
2007 წლის 14 თებერვალს გამომძიებელმა რ. ლ-მა გამოიტანა დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ექსპერტს სხვა საკითხთან ერთად გადასაწყვეტად დაესვა კითხვა: მ. ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენის” ჩხრეკისას ამოღებული, ფოლგის ქაღალდში გახვეული, ე.წ. ,,ჩეკად” დაფასოებული ღიაყავისფერი მასა შეიცავს თუ არა რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას, დადებით შემთხვევაში, კერძოდ, რომელს, როგორი წესითაა იგი დამზადებული და რამდენია მისი წონა?
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო საექსპერტო კრიმინალისტიკური განყოფილების ექსპერტის 2007 წლის 15 თებერვლის ¹41/ქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მეორე საკვლევი ობიექტის ფუთის გახსნისას მასში შეფუთული აღმოჩნდა ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის აბის ნატეხი, ჩამოტეხილი ორივე მხრიდან. ნატეხზე აღინიშნება ,,B” ლოგოტიპი. მ. ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენის” ჩხრეკისას ამოღებული აბის ნატეხი, წონით 0,115 გრამი, არის პრეპარატ ,,სუბოტექსის” ნატეხი, რომელიც შეიცავს 0,0023 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს” (ტ.1,ს.ფ.44-46).
მოწმეების _ დ. წ-სა და დ. ჩ-ს დაკითხვის ოქმების თანახმად, ჩხრეკა ჩაუტარდა მ. ქ-ს ავტომანქანას, რომლის სიჩქარის კოლოფთან არსებული სათავსიდან ამოღებულ იქნა ფოლგის ქაღალდში გახვეული, ღიაყავისფერი მასა (ტ.1.ს.ფ.87-94). I-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კი მოწმე დ. წ-მ განმარტა, რომ სიჩქარის გადაცემის კოლოფთან არსებული სათავსიდან ამოღებულ იქნა ფოლგის ქაღალდში შეხვეული, მოთეთრო ფერის აბის ნატეხი, ხოლო მოწმეების _ დ. ჩ-სა და რ. ლ-ის ჩვენებებით, ავტომანქანის სალონიდან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება.
აღნიშნულის მიუხედავად, არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლოებმა ყოველმხრივ არ გამოიკვლიეს მითითებული გარემოება, არ გადაამოწმეს მტკიცებულებებით და არ ახსნეს მათ შორის არსებული წინააღმდეგობა.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ქ-ს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება სასამართლო გამოძიების დროს განხილულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, საფუძვლიანია; ასევე წინასწარ გამოძიებაში მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 აგვისტოს განაჩენი მ. ქ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელახალი სასამართლო განხილვის დროს საჭიროა დაიკითხონ მოწმეები _ რ. ლ-ი, დ. წ-ა, დ. ჩ-ა, ექსპერტი თ. ჯ-ა და მიღებულ შედეგებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
ამდენად, ხელახალი სასამართლო განხილვის დროს, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კიდევ ერთხელ გულდასმით უნდა შემოწმდეს და გამოკვლეულ იქნეს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, აღმოიფხვრას მათ შორის არსებული წინააღმდეგობები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება და მის საფუძველზე კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 აგვისტოს განაჩენი მ. ქ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.