შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 22.05.2008
საქმის ნომერი
2კ-1811აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1811აპ ქ. თბილისი

22 მაისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განაჩენით კ. ტ-ძე, _ დაბადებული ... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ, განმეორებით ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 16 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით კ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას, არ გააკეთა სათანადო დასკვნები, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით დაედო ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ოდენობით.

2007 წლის 8 მარტს, დაახლოებით 22.20 საათზე, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში გამავალ სენაკი-ფოთი-ურეკი-სარფის საავტომობილო გზის 50-ე კილომეტრზე კ. ტ-ძე, მგზავრობდა რა „ვაზ-2106” მოდელის ავტომანქანით, შეაჩერეს საპატრულო პოლიციის მუშაკებმა. ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებისას ლაბორატორიული გამოკვლევით მას დაუდგინდა პირადი მოხმარებისათვის ექიმის დანიშნულების გარეშე ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.

აღნიშნული დანაშაულისათვის კ. ტ-ს მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 19 აპრილიდან. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 9 მარტიდან 2007 წლის 10 მარტამდე.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა. მათ ითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განაჩენი კ. ტ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

კასატორები _ მსჯავრდებული კ. ტ-ძე და ადვოკატი ნ. ბ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ქმედების სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებასთან; კ. ტ-ძე გულწრფელად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და ინანიებდა მას; ხასიათდება დადებითად; ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი; დაავადებულია ჰეპატიტით, რის გამოც ითხოვენ კახაბერ ტიკარაძისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დადგენილია და ეჭვს არ იწვევს, რომ კ. ტ-მ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რასაც არც მსჯავრდებული უარყოფს (ტ. 1, ს.ფ. 68-69).

მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, კ. ტ-ს სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით და მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ხოლო სასჯელის დანიშვნის ნაწილში _ სამართლიანი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ირკვევა, რომ კ. ტ-ძე დაკავებული იყო (ტ. 1, ს.ფ. 23).

დადგენილია, რომ კ. ტ-ძე წინა დანაშაულისათვის დააკავეს 2004 წლის 21 აგვისტოს და იმავე წლის 23 აგვისტოს მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა.

პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, მოცემულ შემთხვევაში _ 2 წელი, 11 თვე და 28 დღე. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს: კ. ტ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და საბოლოოდ კ. ტ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.