შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 03.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1835აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

1835აპ ქ. თბილისი

3 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ჩინჩალაძე (თავმჯდომარე),მ. ვაჩაძე, რ. ნადირიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენით ზ. თ-ი, _ დაბადებული ... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხ. საგარეჯოს რაიონის სოფელ .........., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ არაერთგზის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2003 წლის 28 იანვარს ზ. თ-ი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე

მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ გამოსწორდა და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ, 2005 წლის 15 იანვარს ზ. თ-მა განიზრახა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რისთვისაც იმავე დღეს, დაახლოებით 23.30 საათზე, ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე არსებულ სასტუმრო „მეტეხის” მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა მ. ჟ-ს კუთვნილი ავტომანქანა „ვაზ-31105” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა ბ. მ-ა. ზ. თ-მა მას უთხრა, წაეყვანა ვაზისუბნის დასახლებაში. მსჯავრდებულმა ბ. მ-ს ავტომანქანა გააჩერებინა წულუკიძის ქუჩაზე, რის შემდეგაც ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რომლის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა ეს უკანასკნელი, გადმოსულიყო მანქანიდან, თავად მიუჯდა საჭეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მ. ჟ-ს კუთვნილი, 13 500 ლარად ღირებული ავტომანქანა, რომელსაც იჯარით მართავდა ბ. მ-ა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ზ. თ-ი იმავე დღეს, შემთხვევიდან დაახლოებით 30 წუთში, ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დააკავეს საპატრულო პოლიციის მუშაკებმა. დაკავებისას ზ. თ-ი ავტომანქანით ცდილობდა მიმალვას, რა დროსაც გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შევარდა ხეებს შორის, რითიც ავტომანქანას დაუზიანა ნაწილები და დაზარალებულს მთლიანობაში მიაყენა 3480 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული დანაშაულისათვის ზ. თ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარით, ანუ დღიური მინიმალური ანაზღაურების ორასორმოცდაათმაგი (250) ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის _ 6 წლის მოხდა დაეკისრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი _ 1 წელი და 6 თვე _ ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ. თ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 15 იანვრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ზ. რ-მა. მან ითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედების კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, განაჩენის შეცვლა და ზ. თ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ზ. თ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილზე; მას სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოში გადაგზავნა იმ მოტივით, რომ ყაჩაღობა, ჩვეულებრივ, დამთავრებულია ქონების დაუფლების მიზნით თავდასხმის დროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის ან მუქარის მომენტიდან და რომ სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა ზ. თ-ს ქმედება სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

მსჯავრდებულის ადვოკატი ზ. რ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ზ. თ-ს ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით და პატიმრობიდან განთავისუფლებას.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდა და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით ზ. თ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: ზ. თ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ,,დ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და ,,გ" ქვეპუნქტებზე. საბოლოოდ, ზ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ს.ს.კ.-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. ზ. თ-ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ს.ს.კ.-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ანუ დღიური მინიმალური ანაზღაურების ორასორმოცდაათმაგი (250) ოდენობით; საქართველოს ს.ს.კ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით(2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ზ. თ-ს საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით; ამასთან, განაჩენით განისაზღვრა, რომ ს.ს.კ.-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გამოყენებით, ზ. თ-მა ვადიანი თავისუფლების სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა არ აღსრულდეს პირობით 2 წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულის ადვოკატი ზ. რ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევით, კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და ს.ს.ს.კ-ის მე-10 მუხლის იმპერატიული მოთხოვნები, რადგან საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ზ. თ-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. დაზარალებულის ჩვენებით და საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ზ. თ-ი იჯდა მძღოლის გვერდით და დანის გამოყენების შემთხვევაში დაზარალებული მას ვერ აიცილებდა. ამდენად ნათელია, რომ მსჯავრდებულს დანა არ გამოუყენებია.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ. თ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენა და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკმარისად ჩაეთვალოს მოხდილი სასჯელი და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უდავოდ დასტურდება, რომ ზ. თ-მა არაერთგზის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ:

საქმის წინასწარი გამოძიებისას და სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულმა ბ. მ-მ განმარტა, რომ ზ. თ-მა მოსთხოვა, გადასულიყო ავტომანქანიდან. ამავდროულად, ჯიბიდან ამოიღო დანა და მოუქნია სახის მიმართულებით. ბ. მ-მ დანა აიცილა, გააღო ავტომანქანის კარი და გაიქცა. გაქცეულმა დაინახა, რომ თავდამსხმელი დაჯდა საჭესთან და გაემართა ქალაქის ცენტრისკენ. დაზარალებულმა მაშინვე განაცხადა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა დახმარება. დაახლოებით 30 წუთში ზ. თ-ი დააკავეს, რა დროსაც ეს უკანასკნელი პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა. ბ. მ-მ მიუთითა, რომ დაკავებამდე ზ. თ-ი ავტომანქანით ცდილობდა მიმალვას, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შევარდა ხეებს შორის. ამის გამო დაზიანდა 13 500 ლარად ღირებული ავტომანქანა და ზარალმა შეადგინა 3480 ლარი.

დაზარალებულის მიერ საქმის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება, მისივე თანხმობით, გამოქვეყნდა სააპელაციო პალატის სხდომაზე და ამ ჩვენების სისწორე ბ. მ-მ დაადასტურა.

საქმის წინასწარი გამოძიებისას და სააპელაციო სასამართლოში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გ. ა-მ განმარტა, რომ შეატყობინეს ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, კერძოდ, გატაცებული იყო ,,გაზ-31” მარკის ავტომანქანა. მან და მისმა მეწყვილემ აღნიშნული ავტომანქანის შემჩნევისას მძღოლს მოუწოდეს, გაჩერებულიყო, მაგრამ იგი არ დაემორჩილა, მოუმატა სიჩქარეს, მოსახვევში ვერ დაიმორჩილა საჭე და ავტომანქანა ბორდიურზე ავარდა. მძღოლი დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, რის მიუხედავად იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ჩხრეკა და ამოუღეს წითელტარიანი, დასაკეცი დანა.

ანალოგიური ჩვენება მისცა სააპელაციო სასამართლოში მოწმე დ. ბ-.მ. მანაც განაცხადა, რომ დაკავებულს ჰქონდა დანა, რაც ამოიღეს.

სააპელაციო სასამართლოში დაიკითხა ზ. თ-ს პირადი ჩხრეკის დამსწრე ა. ჯ-ი, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის შედეგად დანის ამოღების ფაქტი.

საგულისხმოა, რომ დაზარალებული _ მომხდარი ფაქტის დღესვე დაკითხვისას, მოწმე გ. ა-ს მსგავსად მიუთითებდა, რომ თავდამსხმელს ჰქონდა წითელტარიანი დანა.

თავად მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ დანა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუყენებია.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას უდავოდ მიაჩნია, რომ ზ. თ-მა განახორციელა თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიციცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

ამასთან, ზ. თ-ს ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებზე, ვინაიდან ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტები სასჯელად ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ამ ქმედებისათვის სასჯელად განსაზღვრავდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი, კერძოდ, მისი ქვედა ზღვარი და სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მას უკუძალა არ აქვს.

,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ზ. თ-ი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის პირველი მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული ზ. თ-ი გათავისუფლდეს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ზ. თ-ს ქმედება ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებზე და სასჯელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

დანიშნული სასჯელიდან ზ. თ-მა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 1 (ერთი) წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.