შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 24.03.2008
საქმის ნომერი
2კ-1848აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1848აპ ქ. თბილისი

24 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს განაჩენით შ. ლ-ძე, _ დაბადებული ....... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ასევე _ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 19 მარტს შ. ლ-ძე, ხაშურში გამგზავრების მიზნით, იმყოფებოდა დაბა სურამში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „სურამის” ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 20.30 საათზე თავისი ავტომანქანა „ოპელ-ვექტრით” მივიდა მოქალაქე ნ. რ-ი და შეიძინა 5 ლიტრი ბენზინი, რომელიც ჩაასხა ბალონში და მოათავსა ავტომანქანის საბარგულში, რის შემდეგაც მასთან მივიდა შ. ლ-ძე და მოსთხოვა ხაშურში წაყვანა. ნ. რ-მა უარი უთხრა. განაწყენებული შ. ლ-ძე მივიდა მანქანასთან, ახადა საბარგული და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ზემოაღნიშნულ ბალონსა და ბენზინს, საერთო ღირებულებით 9 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გატაცებული საწვავი მან გადამალა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც ამოიღეს.

2006 წლის 4 ივლისს ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ შ. ლ-ს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. 2006 წლის 18 და 19 სექტემბერს მან კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და 2006 წლის 20 სექტემბერს პოლიციის თანამშრომლებმა ის წარადგინეს ხაშურის ნარკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების _ „ბუპრენორფინისა” და „კანაბინოიდების” მიღების ფაქტი.

აღნიშნული ქმედებისათვის შ. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; საბოლოოდ სასჯელთა შეკრებით მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 მარტიდან. გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს თანხა _ 2500 ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ხ-მა. მან ითხოვა განაჩენის შეცვლა, შ. ლ-ს გამართლება სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მისთვის სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმის განსაზღვრა, ასევე _ გირაოს სახით შეტანილი თანხის გირაოს შემტანისათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ ადვოკატი გ. ხ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი შ. ლ-ის მიმართ ნაწილობრივ უკანონო და უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და იგი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ორივე ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს სსსკ-ის მე-10, მე-19, 131-ე, 503-ე მუხლების უხეში დარღვევითაა შ. ლ-ძე ცნობილი დამნაშავედ სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; განაჩენის დადგენისას დაირღვა როგორც სისხლის სამართლის საპროცესო, ისე _ მატერიალური ნორმები; საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომ შ. ლ-მ საერთოდ ჩაიდინა რაიმე დანაშაული; ვარაუდი კი არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად; მსჯავრდებული უარყოფს ძარცვის ან ქურდობის ფაქტს და განმარტავს, რომ ნ. რ-ს დარჩა ბენზინის ბალონი, მან კი სახლში წაიღო, რათა მეორე დღეს მისთვის დაებრუნებინა; დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობას და არა _ ძარცვას, ანუ მსჯავრდებულის ქმედება ფორმალურად შეიცავს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს; საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე; შ. ლ-ძე არ შეხებია დაზარალებულის მანქანში არსებულ სხვა ნივთებს, ხოლო ზიანი შეადგენს 9 ლარს, რომელიც ნ. რ-სათვის არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელობის მქონეს; მან აღშფოთებაც კი გამოთქვა შ. ლ-ს დაკავების გამო და დაეთანხმა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას სსკ-ის 178-ე მუხლით 1-ლი ნაწილით.

კასატორის აზრით, შ. ლ-ს არ ჩაუდენია დანაშაული; მას არ დაურღვევია გირაოს მოთხოვნები, ამიტომ გირაოს სახით შეტანილი თანხა უკან უნდა დაუბრუნდეს; დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაშიც კი ზარალი მცირე მნიშვნელობისაა და, სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, არ წარმოადგენს დანაშაულს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. ხ-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, შ. ლ-ს გამართლებას სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გირაოს სახით შეტანილი თანხის გირაოს შემტანისათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში ორივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულ ნ. რ-ს ჩვენებას, რომლიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ შ. ლ-ს ამოძრავებდა სხვისი ნივთის აშკარად დაუფლების განზრახვა და მისი ქმედება თვალსაჩინო იყო დაზარალებულისათვის.

აღნიშნული დასკვნა გაიზიარა სააპელაციო პალატამაც და თავის განაჩენში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორად გამოიყენა მატერიალური კანონი.

ნ. რ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ დაინახა, როგორ ამოიღო საბარგულიდან საწვავი შ. ლ-მ, მაგრამ ეს შეამჩნია თუ არა თავად მსჯავრდებულმა, არ იცის. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ შ. ლ-მ საბარგული გააღო და სწრაფად დახურა, წაიღო ბენზინი და მანქანას გვერდიდან მოუარა, მოეფარა, რომ არ დაენახათ (ტ. 2, ს.ფ. 80-81).

დაზარალებულის ჩვენებიდან არ გამომდინარეობს, რომ შ. ლ-ეს ამოძრავებდა სხვისი ნივთის აშკარად დაუფლების მიზანი, პირიქით, იგი ცდილობდა, ფარულად ემოქმედა. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულმა შენიშნა შ. ლ-ს მიერ საწვავის დაუფლება, არ არის საკმარისი ამ მოქმედების სსკ-ის 178-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის.

პალატა განმარტავს, რომ ქურდობისა და ძარცვის გამიჯვნისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თავად დამნაშავე აცნობიერებს თუ არა, რომ მისი ქმედება გარშემომყოფთათვის შესამჩნევია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

დადგენილია, რომ საწვავის ქურდობისას შ. ლ-მ იცოდა მისი დანიშნულება, დაზარალებულს ბენზინი სჭირდებოდა ელექტრო გენერატორისათვის, რათა შვილიშვილები სიბნელეში არ ჰყოლოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით იმჯელა ორივე ინსტანციის სასამართლომ და შ. ლ-ს ქმედება სწორად არ ჩათვალა მცირემნიშვნელოვნად.

მსჯავრდებულის მიერ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უდავოდ დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის _ შ. ლ-ს ჩვენებით.

სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებასა და მისი ქმედების სიმძიმეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ იმ გარემოებებს, რომ შ. ლ-ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ხასიათდება დადებითად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: შ. ლ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და შ. ლ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.