განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1902აპ 25 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც გ. ზ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 2007 წლის 5 მაისისა და 2007 წლის 31 ივლისის ეპიზოდებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენით გ. ზ., _ დაბადებული ---- წელს, ქართველი, ---- განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლევი, მცხოვრები ქ. რუსთავში, ,,,,, ბინა ¹---ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 2007 წლის 5 მაისისა და 2007 წლის 31 ივლისის ეპიზოდებში და შეეფარდა 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის გამოყენებით, შეკრების პრინციპით, მას სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წელი და გ. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ზ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინა განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2 თვე, 14 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან, 2007 წლის 31 ივლისიდან.
განაჩენით გ. ზ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 13 ოქტომბერს გ. ზ. დააკავეს ქ. რუსთავის შს სამმართველოს თანამშრომლებმა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეამოწმეს ნარკოტიკულ თრობაზე. კლინიკური გამოკვლევის დასკვნის თანახმად, მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება «ტეტრაჰიდროკანაბოლინის» (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი, რის გამოც, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებით გ. ზ-ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი _ 10 დღით დაპატიმრება. 2007 წლის 5 მაისს ქალაქ რუსთავის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გოჩა ზარიძე განმეორებით დააკავეს და შეამოწმეს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ განყოფილებაში ნარკოტიკულ თრობაზე, რა დროსაც ლაბორატორიული გამოკვლევის ¹--- დასკვნის თანახმად, მას დაუდგინდა «ოპიუმის» ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
მანვე 2007 წლის ივლისში, იმყოფებოდა რა ქალაქ ბათუმში, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება, რის შემდეგაც, 2007 წლის 31 ივლისს, საქართველოს შს ხარაგაულის რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს და გადაიყვანეს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს რეგიონულ სამსახურში, სადაც ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევის ¹2473 დასკვნით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება «ოპიუმის» ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
აპელანტი _ სახელმწიფო ბრალმდებელი, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი. კ. სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანას, კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის დამძიმებას და მისთვის განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენი გ. ზ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახალი სასამართლო განხილვისათვის მისი გამკაცრების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განაჩენი გ. ზ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა ნაწილობრივ იზიარებს პროკურორ ი. კ.ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე და მისი გამკაცრების მიზნით საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ გ. ზ.ს აღიარებითი ჩვენებით, მშობლის _ თ. ზ-ს ჩვენებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზისა და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნებით, მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის შესაბამისად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას,» რაც სახეზეა გ. ზ-ს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას.
იმავე კოდექსის 58-ე მუხლის I ნაწილის თანახმად: «დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას».
კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული წესის გათვალისწინებით, რომელიც ძალაში შევიდა 2007 წლის 22 ივნისის კანონის საფუძველზე, გ. ზ-ს 2007 წლის 5 მაისის ეპიზოდში სწორად აქვს შეფარდებული 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რაც შეეხება 2007 წლის 31 ივლისის ეპიზოდს, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა და მსჯავრდებულს ნაცვლად 1 წლისა, არასწორად შეუფარდა სასჯელის ზომა _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 31 ივლისის ეპიზოდში სასჯელი დანიშნულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განაჩენი გ, ზ-ს მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.