არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 03.06.2013
საქმის ნომერი
ბს-38-33(კს-13)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ბს-814-808 (კ-11) 14 სექტემბერი, 2011 წელი ბს-38-33(კს-13) 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 7 ივნისს ვ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 17 სექტემბერს ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე – რომლის საკადასტრო ნომერია ..., შს სამინისტროს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერი; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 2 მარტს ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე – რომლის საკადასტრო ნომერია ..., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე განახორციელოს ვ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქმეში ასკ-ს 16.1 მუხლით ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო იმავე კოდექსის 16.2 მუხლით ჩაება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლე).

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, რომელმაც აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში იგი არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლეს. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში სათანადო უფლებამონაცვლედ მის მაგივრად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლე).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დამატებითი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ¹№1-1/1742 ბრძანებით – 2012 წლის 15 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის ¹№1-1/24 ბრძანება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის ¹#391 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”. ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახამად, სააგენტოს მიზნებია სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა ასევე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილების მესამე მუხლზე, სადაც განმარტებულია, თუ რა ფუნქციებს ახორციელებს სააგენტო; კერძოდ, კი აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით სააგენტო ახორციელებს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს; ,,ღ “ ქვეპუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჯ“ ქვეპუნქტით სააგენტოს ფუნქციაა ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან, სარგებლობაში გადაცემასთან, ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებასთან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან ან/და სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ, მათ შორის, სააგენტოს დაფუძნებამდე დაწყებულ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც სამინისტრო ან სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს;

ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა საქმეში მოპასუხედ ჩაბმული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლედ, ვინაიდან, ამ უკანასკნელს ევალებოდა იგივე ფუნქციების განხორციელება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შექმნამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე