განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2107აპ ქ. თბილისი
15 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ც-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ჭ-სა და ლ. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის განაჩენით:
კ. ც-ძე, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ვ. ჯ-ი, _ დაბადებული ........ წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით მსჯავრდებულების _ კ. ც-სა და ვ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
კ. ც-მ და ვ. ჯ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისაგან, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც უკანონოდ ინახავდნენ. მათ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს, უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გაესაღებინათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹5 საპყრობილის ¹101 საკანში მონთავსებულ გ. ჯ-ზე.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ. ც-ძე 2006 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 11.00 საათზე, მივიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹5 საპყრობილის საამანათო განყოფილებაში, სადაც ვ. ჯ-თან შეთანხმებით, წარადგინა ამანათი და წერილობითი განცხადებით მიმართა საპყრობილის ადმინისტრაციას, რომ ამანათი, რომელშიც რაიმე კანონსაწინააღმდეგო, აკრძალული ნივთები, მათ შორის _ ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებები არ ინახებოდა და გაფრთხილებული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, გადაეცათ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ გ. ჯ-სათვის.
კ. ც-ს ამანათის შემოწმებისას აღმოაჩინეს საეჭვო სითხით გაჟღენთილი ბალიშის პირი, რაც კონტროლიორ მ. კ-საგან ამოღებულ იქნა და ადგილზევე დაილუქა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ბეჭდით.
სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2006 წლის 10 ნოემბრის ¹1539/სქ დასკვნის თანახმად, კ. ც-ს მიერ წარმოდგენილ ამანათში აღმოჩენილი ბალიშის პირი გაჟღენთილი იყო ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით, რომელშიც კუსტარული წესით მიღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონა შეადგენს 0, 167 გრამს.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჭ-მა და მსჯავრდებულების _ კ. ც-ა და ვ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ-ძემ.
აპელანტი მ. ჭ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და კ. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
აპელანტი ი. მ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ვ. ჯ-ის გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა ვ. ჯ-მა და მისმა ადვოკატმა მოხსნეს სააპელაციო საჩივარი და ითხოვეს მისი განუხილველად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ კ. ც-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჭ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ც-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; საქმე განხილულია საპროცესო დარღვევებით; კ. ც-ს დანაშაულებრივი ქმედების განზრახვის არათუ უტყუარი, არამედ საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში.
მსჯავრდებულ კ. ც-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ც-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, იგი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენი, სხვა მასალებთან ერთად, მსჯავრდებულ კ. ც-ს მსჯავრდების ნაწილში ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: მოწმეების _ მ. კ-სა და ო. ი-ს ჩვენებებს, ვ. ჯ-ის განცხადებას (ტ.1.ს.ფ.63).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ ქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს საქმისათვის დართული წერილობითი მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე. სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმის ის მასალები, რომლებსაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ განხილულა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი მოთხოვნის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაედოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა მონაწილეობითა და კანონით დადგენილი წესების დაცვით გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ზემოაღნიშნული ფუნდამენტური პრინციპებია დარღვეული, რაც წარმოადგენს არსებით საპროცესო დარღვევას და რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კანონიერების თვალსაზრისით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ “ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.