ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
¹2128აპ 28 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ხ. დ-ძე, _ დაბადებული … წელს, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ……., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენის მიხედვით, ხ. დ-ს მსჯავრი დაედოთ თვითნებობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში: 2000 წლის 20 ივნისს ურეკის საკრებულოს მიერ სოფელ ….. მცხოვრებ ჯ. ფ-სათვის მიზომილი და მიკუთვნებულ იქნა 0.20 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ …. ტერიტორიაზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 350 კვ/მ მიწის ნაკვეთს დაეპატრონა ხ. დ-ძე და არ მისცა ჯ. ფ-ს ნაკვეთით სარგებლობის საშუალება, რისთვისაც 2003 წლის 15 სექტემბერს იგი გაასამართლა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, ხ. დ-ძე 2003 წლიდან კვლავ თვითნებურად დაეპატრონა ჯ. ფ-სათვის საკარმიდამოდ მიზომილ 350 კვ.მ მიწის ნაკვეთს და არ მისცა მას მიწის ნაკვეთით სარგებლობის საშუალება. აღნიშნული ქმედებით მან დაზარალებულ ბ. ფ-ძეს მიაყენა 232.5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. დ-ს დამცველმა, ადვოკატმა ვ. ხ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და ხ. დ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ხ. დ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. დ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, ხოლო განაჩენი უკანონოა, რადგან მისი მსჯავრდება მოხდა სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ხემიდ დიასამიძის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ხ. დ-ს ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა თვითნებობა. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ხემიდ დიასამიძის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი მისი უარყოფისათვის.
რაც შეეხება ხ. დ-ს მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაზღვრულია ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, წარმოადგენს ბრალის ხარისხის ადეკვატურ ზომას, არის სამართლიანი და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. დ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისგან იმის გათვალისწინებით, რომ იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება უკვე გადახდილ ჯარიმაზე, რომელიც დანიშნული იყო ძირითადი სასჯელის სახით.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ხ. დ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებული ხ. დ-ძე “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1000 (ათასი) ლარი ჯარიმის გადახდისაგან იმის გათვალისწინებით, რომ იმავე კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმაზე, რომელიც დანიშნული იყო ძირითადი სასჯელის სახით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.