განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
236აპ 7 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბ. კ-ძე, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისში, ზაჰესის დასახლება, ........-ში, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, ასევე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 6 (ექვსი) თვისა და 14 (თოთხმეტი) დღის ვადით.
იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 18 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენის მიხედვით, ბ. კ-ს მსჯავრი დაედო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნების შენახვისა და სარგებლობისათვის, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბერის განაჩენით ბ. კ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განაჩენით ბ. კ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მიუხედავად აღნიშნულისა, ბ. კ-მ კვლავ ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა და ამ საგნით უკანონოდ სარგებლობა. მან პატიმრობაში ყოფნისას გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, შპს ,,მაგთიკომის“ სიმბარათით, რასაც ინახავდა და რომლითაც სარგებლობდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. კ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენის შეცვალას მის სასიკეთოდ, კერძოდ, მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. კ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენის შეცვლასა და საქმეზე ხელახალი სასამართლო გამოძიების ჩატარებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ბ. კ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბ. კ-ს ბრალდების საქმეზე განაჩენის დადგენისას არ დაიცვა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი მოთხოვნა, კერძოდ, საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე მითითებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ. კ-ს ქმედებას და არავითარი მსჯელობა არ იქონია იმის თაობაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენითა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად; რომელ სარწმუნო და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა სასამართლოს დასკვნები ბ. კ-ს ბრალეულობის თაობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განაჩენი აშკარად დაუსაბუთებელია ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული განაჩენი მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას სასჯელის ნაწილშიც, ვინაიდან ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე შენიშვნით იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, თუმცა არ მიუთითა კონკრეტულად რა გარემოებებია ნაგულისხმევი, რომლებმაც გავლენა მოახდინეს, სასჯელის ზომაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში საერთოდ არაფერია ნათქვამი, თუ რაში გამოიხატება სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ წარმოდგენილი მოტივების უსაფუძვლობა, რის გამოც მას საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ. კ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად, რადგან აღნიშნული განაჩენი, ცვლის რა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, რათა იგი საფუძვლად დაედოს პირის მსჯავრდებას.
საბოლოოდ საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლოს საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ბ. კ-ს მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
საქმის ხელახალი განხილვისა და ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნული შენიშვნებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს სამართალწარმოების განხორციელება საპროცესო ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ გზით მიღებული შედეგების გათვალისწინებით _ კანონიერი, დასაბუთებული განაჩენის დადგენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ბ. კ-ს მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.