შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 10.12.2008
საქმის ნომერი
2კ-361აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

361აპ 10 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ.ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ტ. ხ., _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტისა და მე-7 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ტ. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

განაჩენით ტ. ხ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, აგრეთვე _ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: ტ. ხ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელსაც შესთავაზა, ყაჩაღური თავდასხმა მოეხდინათ სოფელ მუკუზანში მდებარე ღვინის ქარხანაში დარაჯად მომუშავე, ამავე სოფელში მცხოვრებ გ. ხ-ზე, ღვინის ქარხნის კუთვნილი, მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მიიღო მისი თანხმობა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი შეიარაღდნენ დანითა და ჯოხებით, რის შემდეგაც, 2006 წლის 11 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 1:00 საათზე, მივიდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში მდებარე ღვინის ქარხანაში. მათ უკანონოდ შეაღწიეს ქარხნის სადარაჯო ოთახში და ყაჩაღური გზით თავს დაესხნენ გ. ხ-ს, რომელსაც, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყელზე დაადეს დანა და მოსთხოვეს სეიფიდან სანადირო თოფების გამოტანა, თან დაუწყეს ხელებით, ფეხებითა და ჯოხებით ცემა, რითაც დაზარალებულს ანგარებითა და ჯგუფურად, სხვა დანაშაულის _ ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები. ამის შემდეგ, გაუწიათ რა წინააღმდეგობა გ. ხ-მა, შეშინებულებმა იმ გარემოებით, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ გამხდარიყო ცნობილი, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ.ხ.ს დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და ტ. ხ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან წინასწარი გამოძიება და გურჯაანის რაიონული სასამართლო დაეყრდნენ დაუშვებელ მტკიცებულებებს, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ არის სწორად დადგენილი, რის გამოც ტ. ხ. მსჯავრდებულია უსაფუძვლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ტ. ხ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი სხვა ნაწილში _ როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში _ მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ტ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, იგი თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ტარიელ ხუნჯუკაშვილის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს. საქმეში არსებული პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ტ. ხ-მა დაზარალებულ გ. ხ-ს მიმართ ნამდვილად ჩაიდინა ყაჩაღობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მაკვალიფიცირებელ გარემოებებში. აღნიშნული დასტურდება როგორც დაზარალებულის ჩვენებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო ექსპერტების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ნივთმტკიცებებით, რომლებიც, წარმოადგენს რა საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ტ. ხ-ს მიმართ. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებებს მის მიმართ საქმის წარმოებისას დაშვებული არსებითი საპროცესო დარღვევების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი დარღვევების არსებობა, რომლებსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე კანონიერი განაჩენის დადგენის თვალსაზრისით, საქმის მასალებით არ დგინდება.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებისას დაუშვა უზუსტობანი, კერძოდ: სამართლებრივად არასწორია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში ტ. ხ-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ანგარება, როგორც მოტივი, მიეკუთვნება ყაჩაღობის შემადგენლობას და იგი ვერ განიხილება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემადგენლობის ნიშნად. ეს უკანასკნელი ჩადენილ იქნა როგორც ყაჩაღობის გაადვილების საშუალება, შესაბამისად, მისი ჩადენის გადაწყვეტილებას ანგარება, როგორც მოტივი, საფუძვლად ვერ ექნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. ხ-ს უნდა მოეხსნას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ანგარებით ჩადენის ბრალდება.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით არ არის უტყუარად დადასტურებული, რომ ტ. ხ-მა ყაჩაღობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩაიდინა ჯგუფურად _ სხვა პირთან ერთად, რადგან აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში არსებობს მხოლოდ დაზარალებულ გ. ხ-ს ჩვენება, რაც ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად იმისათვის, რომ ტ. ხ-ს მსჯავრი დაედოს მის მიერ განაჩენით შერაცხული ქმედებების ჯგუფურად ჩადენაში, ამიტომ ტ. ხ-ს უნდა მოეხსნას ბრალდება ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად ჩადენის თაობაზე.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ტ. ხ-ს მსჯავრი უნდა დაედოს ყაჩაღობისათვის, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, აგრეთვე _ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.

ამასთან ერთად, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების საფუძველზე, რომელთა შესახებ მითითებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებში (ტ. ხ. პირველად არის სამართალში, ხასიათდება დადებითად, ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი), თითოეული დანაშაულისათვის მას უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა, რომლებიც ერთობლივად, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენს მსჯავრდებულის გამოსასწორებლად. აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ ტ. ხ-ს სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ტ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით უსაფუძვლოდ შერაცხული ბრალდება. მასვე მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით უსაფუძვლოდ შერაცხული ბრალდება და მისი ქმედება ამ ნაწილში დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რომლისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო აღნიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეიკრიბოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნულ სასჯელთან _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.