დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 29.05.2014
საქმის ნომერი
ბს-367-356(კ-13)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.05.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ბს-367-355 (კ-13) 29 მაისი, 2014წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე

კასატორი – ა. მ-ი, წარმომადგენელი დ. ნ-ი (№..., 07.11.2013წ. რწმუნებულება), თარჯიმანი ი.ი-ი, მ.მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი გ.ო-ი (№59330, 19.03.2014წ. მინდობილობა)

მესამე პირი – ხ. თ-ი, წარმომადგენელი ი. ჭ-ა (№..., 26.12.2012წ., 18.03.14წ. =140246340 რწმუნებულება)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2013წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

02.06.06წ. ა. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება - 0,06ჰა. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლი (სარეგისტრაციო ზონა-გარდაბანი, კოდი - ..., სექტორი - ..., კვარტალი-=..., ნაკვეთი =..., ნაკვეთის კოდი =...).

02.04.07წ. ე.ა-ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება - 0,10ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 357,27 კვ.მ (კოდი-..., სექტორი-..., კოდი -..., კვარტალი =..., ნაკვეთი =..., ფართობი -0,10ჰა). 26.11.08წ. ე.ა-სა და ა.კ-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულებაში განისაზღვრა ნასყიდობის საგანი: მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 309,16კვ.მ.,მდებარე მისამართზე: გარდაბნის რაიონი, სოფ.ფონიჭალა, საცხოვრებელი სახლის მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა -გარდაბანი, კოდი - ..., სექტორი -..., კოდი - ..., კვარტალი =..., ნაკვეთი =..., ფართობი 996 კვ.მ. . ნასყიდობის საგნის ფასი 50 000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა.კ-ის საკუთრებად (ნაკვეთის კოდი =...).

ა.მ-მა 14.07.09წ. განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა დაზუსტებული რეგისტრაცია. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.09წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, განმცხადებლის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი მოიცავდა იმ ნაკვეთს, რომელიც რეგისტრირებული იყო ა.კ-ის სახელზე. სარეგისტრაციო სამსახურის 20.08.09წ. გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის შეჩერების ვადაში განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

10.12.09წ. ა.კ-მა განცხადებით მიმართა შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსს და მოითხოვა სოფ. ... მდებარე ბინიდან(საკადასტრო კოდი =...) ე.ა-ისა და მისი ნათესავების გამოსახლება ა.მ-ის ოჯახის წევრებთან ერთად. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების 09.03.10წ. =645 გაფრთხილებით ე.ა-ს და მის ნათესავს ა.მ-ს მიეცათ წინადადება შეეწყვიტათ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელყოფა და გაეტანათ თავიანთი ნივთები. შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის 12.04.10წ. =56 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა.მ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი, რაც საქართველოს შს სამინისტროში გასაჩივრდა. სამინისტროს 24.05.10წ. =464 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.მ-ის ადმინისტრაციული სჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის 12.04.10წ. =56 ბრძანება და ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების 09.03.10წ. =645 გაფრთხილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.12.10წ. გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.04.11წ. განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.10.12წ. განჩინებით ნ.კ-ს უარი ეთქვა გამოსახლებაზე.

გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს 21.06.12წ. =101736/17 განცხადებით მიმართა ა.მ-მა და მოითხოვა ... სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების ცვლილება იმ მოტივით, რომ ნაკვეთი სივრცობრივად სხვა კვარტალში მდებარეობს, განმცხადებელმა მოითხოვა აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემდგომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების დაზუსტება.

გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.12წ. =97228 გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილი ქმედების განხორციელება სცილდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.12 წ. =1132773 გადაწყვეტილებით ა.მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ სზაკ-ის 5.1 მუხლზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8, მე-9 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნით სარეგისტარციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა - მესაკუთრემ და წარმოადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, სარეგისტრაციო სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით შეცვალოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები. იმის გათვალისწინებით, რომ ა.მ-ის მიერ მოთხოვნილია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, აწ უკვე ხ.თ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კოორდინატების ცვლილება, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის უფლებამოსილი დაინტერესებული პირის (მესაკუთრის) მიმართვის გარეშე განახორციელოს რეგისტრაცია, სააგენტომ მიიჩნია, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სწორად იქნა მითითებული კომპეტენციის ფარგლებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებულად იქნა მიჩნეული აგრეთვე უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება.

23.07.2012წ. ა.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.2012წ. წერილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, აგრეთვე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ა.მ-ის სახელზე რიცხული, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების ფართის ცვლილების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ფონიჭალის საკრებულოს 01.06.2006წ. №524 ცნობის საფუძველზე 02.06.2006წ. მის სახელზე დარეგისტრირდა 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით .... . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.05.2012წ. №67690 წერილის თანახმად ... საკადასტრო კოდით უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით ირიცხება ა. მ-ის საკუთრებაში დაუზუსტებელი ფართით. საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.2012წ. №97228 წერილით ა. მ-ს უარი ეთქვა ფართის დაზუსტებაზე იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირდა ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. შს სამინისტროს 24.05.2010წ. №646 ბრძანებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.12.10წ. გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო სასამართლოს 20.05.11წ. და უზენაესი სასამართლოს 12.10.12წ. განჩინებებზე დაყრდნობით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მისი გამოსახლების შესახებ, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთები არ შეიძლება სივრცობრივად მდებარეობდეს ერთი და იმავე ადგილას. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.05.2010წ. დასკვნით დასტურდება, რომ მის მიწის ნაკვეთს არ შეესაბამება ე. ა-ის, ამჟამად ხ. თ-ის, კუთვნული მიწის ნაკვეთის გაბარიტული ზომები და საზღვრების კონფიგურაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.12.2012წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ხ. თ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.2013წ. გადაწყვეტილებით ა.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების დაზუსტება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ა. მ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი ფარავდა საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთს, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი არ იყო განეხორციელებინა მოთხოვნილი რეგისტრაცია. ... საკადასტრო კოდზე უძრავი ნივთის რეგისტრაცია გაუქმებული არ არის და სარეგისტრაციო სამსახურს უფლება არ ჰქონდა საკუთარი ინიციატივით შეეცვალა მიწის ნაკვეთის საზღვრები. მესამე პირის ხ. თ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ დღემდე სადავოდ არ გამხდარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2013წ. განჩინებით ა.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით და აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაზუსტებული 996 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და დაუზუსტებელი 0, 06 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი მდებარეობს სხვადასხვა ადგილზე და არ ხდება მათი ზედდება. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.05.2010წ. ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ... და .... საკადასტრო კოდებით მიწის ნაკვეთების, გაბარიტული ზომებისა და საზღვრების კონფიგურაციის ერთმანეთთან შეუსაბამობა არ ადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდების არარსებობას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარეებისა და მესამე პირის მოსაზრებები და მიიჩნია, რომ ა. მ-ის 21.06.2012წ. განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს ხ. თ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კოორდინატების ცვლილებას, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი დაინტერესებული პირის - ხ. თ-ის მომართვის გარეშე განეხორციელებინა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების ცვლილებების რეგისტრაცია. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა სადავო აქტების მომზადებისა და გამოცემის პროცედურების კანონდარღვევით ჩატარება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2013წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 31-ე მუხლზე, რომლის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის მცდარი მონაცემები და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრს თვითონ შეეძლო გაეუქმებინა გასაჩივრებული უკანონო აქტი, რადგან დადგენილია, რომ =... საკადასტრო კოდით რეგისტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ემთხვეოდა ა.მ-ის სახელზე უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებს. ამასთანავე, მცდარი მონაცემების ცვლილებისას არ არის საჭირო იმ პირის თანხმობა, ვის სახელზეც განხორციელდა უკანონო რეგისტრაცია, რამდენადაც იგი ნებაყოფლობით არასდროს მიმართავს საჯარო რეესტრს შეცდომით დარეგისტრირებული მონაცემების შესასწორებლად. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.05.2010წ. ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რამდენადაც ცალსახად არის დადგენილი, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ... მდებარეობს სულ სხვა ადგილზე. მესამე პირის უძრავი ნივთის რეგისტრაციის განხორციელებისას მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო შეემოწმებინა ტექბიუროს საარქივო მონაცემები. ა. მ-მა მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მოქმედება არის უკანონო. თავდაპირველად უკანონოდ დარეგისტრირდა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ... და საჯარო რეესტრმა უკანონოდ უთხრა უარი კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 02.06.2006წ. ა. მ-ის სახელზე დარეგისტრირდა გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე 0, 06 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლით, დაუზუსტებელი მონაცემებით, საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ფონიჭალის საკრებულოს მიერ 01.06.2006წ. გაცემული ცნობა (ტ. 1, ს.ფ. 12). საქმეში დაცული მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ 24.03.2004წ. გაცემული №187 ცნობის საფუძველზე 02.04.2007წ. ე. ა-ის სახელზე განხორციელდა გარდაბნის რაიონის სოფელ ... 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საკადასტრო კოდით ... (ტ.1, ს.ფ. 102). ე. ა-სა და ა. კ-ს შორის 26.11.2008წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) საფუძველზე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. კ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ.61). საჯარო რეესტრის 20.12.2011წ. ამონაწერის მიხედვით მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... ამჟამად რეგისტრირებულია ხ. თ-ის სახელზე, უფლების დამდგენი დოკუმენტია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 14.12.2011წ. NA11047363-014/001 განკარგულება (ტ.1, ს.ფ.173). საქმეზე აგრეთვე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.2009წ. N882009204987-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციოი წარმოება ა. მ-ის 14.07.2009წ. განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა ... უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას. წარმოების შეჩერების საფუძვლად მიეთითა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების შეჭრა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) საზღვრებში, კერძოდ, წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი მოიცავდა მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით ... (ტ. 1, ს.ფ.99). სარეგისტრაციო სამსახურის 20.08.09წ. გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის შეჩერების ვადაში განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია. ა.მ-ს არ მოუთხოვია ე.ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, არ გაუსაჩივრებია ე.ა-სა და ა.კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, აგრეთვე ა.კ-ის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაცია. კასატორს სადავოდ არ გაუხდია აგრეთვე თბილისის სააღსრულებო ბიუროს 14.12.2011წ. =A11047363-014/11 განკარგულება, რომლის საფუძველზე ხ.თ-ი აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. განსახილველ დავაში გასაჩივრებულია მხოლოდ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.2012წ. წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.2012წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ა.მ-ს უარი ეთქვა ... სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების ცვლილებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი ქმედების განხორციელება სცილდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სარეგისტარციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა - მესაკუთრემ და წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია, სარეგისტრაციო სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება ა.მ-ის მიმართვის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით შეცვალოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. რადგან დაინტერესებული პირის ცნება უფრო ფართოა და უძრავი ქონების მესაკუთრის გარდა იმ პირებსაც მოიცავს, რომელთა უფლება ან ინტერესი შეიძლება შეიზღუდოს განხორციელებული რეგისტრაციით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს მხოლოდ მესაკუთრემ, რომლის სახელზეა ცვლილებაშესატანი რეგისტრაცია განხორციელებული. დაუსაბუთებელია მოპასუხეთა და სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ა.მ-ი არ არის დაინტერესებული პირი. ა.მ-ის 14.07.2009წ. განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ჯერ წარმოების შეჩერების, ხოლო შემდგომში წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა წარდგენილი რუქის მიხედვით მიწის ნაკვეთის საზღვრების (საკადასტრო კოდი: ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) საზღვრებში შეჭრა. აღნიშნულ გარემოებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებულ აქტშიც მიუთითა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ცნობილი იყო ა.მ-ისა და ხ.თ-ის მიწის ნაკვეთების გადაფარვის შესახებ. ამდენად, არსებობს ა.მ-ის დაინტერესებულ პირად მიჩნევის საფუძველი.

ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა.მ-ის მიერ მოთხოვნის დაყენების უფლებამოსილება თავისთავად არ ქმნის მისი დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაცია არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლების წარმოშობის პროცესის ფინალი. ხ.ტ-ის სახელზე უძრავი ნივთის ამჟამად არსებული სახით რეგისტრაცია განპირობებული იყო რეგისტრაციის უშუალო საფუძვლის (თბილისის სააღსრულებო ბიუროს 14.12.2011წ. =A11047363-014/11 განკარგულება) და წინარე აქტების არსებობით (ე.ა-ის სახელზე 02.04.07წ. განხორციელებული რეგისტრაცია, ე.ა-სა და ა.კ-ს შორის 26.11.08წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა.კ-ის სახელზე სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაცია). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე.ა-ის სახელზე თავდაპირველად დარეგისტრირებულ (02.04.07წ.) ნაკვეთზე, მანვე 21.07.08წ. წარადგინა ზუსტი აზომვითი ნახაზი (როგორც ნაკვეთის, ასევე სახლის შიდა აზომვებით), რომელიც სანოტარო აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ა.კ-ის სახელზე, ხოლო შემდეგ აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ხ.თ-ის სახელზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. =4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, რეგისტრაციის მიზნებისთვის, არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი). ინსტრუქციის 26.1 მუხლის შესაბამისად საკადასტრო აღწერის შედეგი წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. მოცემულ შემთხვევაში ხ. თ-ის სახელზე განხორციელებულია დაზუსტებული რეგისტრაცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო მონაცემი არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის გრაფიკული და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების დაზუსტება შეუძლებელია სივრცობრივი გადაფარვის გამო. ამასთანავე, ... საკადასტრო კოდით ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სცილდება მოცემული დავის საგანს. შესაბამისად, მოთხოვნა უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების შეცვლის შესახებ, ნაკვეთების სივრცობრივი გადაფარვის პირობებში, ფაქტიურად ეხება =... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების კანონიერებას, მოთხოვნა უტოლდება ხ.თ-ის სახელზე რეგისტრაციის ბათილად ცნობას. ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ან არარად ცნობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. =4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 17.1 მუხლის თანახმად, შედეგად იწვევს რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია წინარე რეგისტრაციების ბათილად ცნობის გარეშე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლისა და სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. განსახილველ შემთხვევაში ე.ა-ისა და ა.კ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები, აგრეთვე ამ პირებზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლები (24.03.04წ. =187 ცნობა, რომლის საფუძველზე ნაკვეთი ე.ა-ის სახელზე აღირიცხა, აგრეთვე ე.ა-სა და ა.კ-ს შორის 26.11.08წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა.კ-ის საკუთრების უფლება) მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. არ გასაჩივრებულა აგრეთვე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ჩატარებული აუქციონი და აღმასრულებლის 14.12.2011წ. განკარგულება, რომელთა საფუძველზე ხ.თ-მა ამჟამად რეგისტრირებული კონფიგურაციითა და ფართობით ჯერ იყიდა, ხოლო შემდგომში საჯარო რეესტრში აღრიცხა უძრავი ნივთი თავის სახელზე. ამდენად, ხ.თ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული წინარე აქტების ძალაში ყოფნის პირობებში საფუძველს არის მოკლებული ა. მ-ის მოთხოვნა ... სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების ცვლილების შესახებ. მიმდინარე დავის ფარგლებში, ა.მ-ის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია ზემოაღნიშნული წინარე აქტების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას, რადგან სსკ-ის 404.1 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო დავას იხილავს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ა. მ-ი მიმდინარე დავის ფარგლებში ითხოვს მხოლოდ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.2012წ. წერილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვა მის მოთხოვნას ხ.თ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე, აგრეთვე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ა.მ-ის სახელზე რიცხული, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების ფართის ცვლილების რეგისტრაციის დავალებას. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას ე.ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის, ე.ა-სა და ა.კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ა.კ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის და სააღსრულებო წარმოების კანონიერებაზე, ვინაიდან აღნიშნული სცილდება დავის საგნის დაზუსტების, სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების ფარგლებს (სასკ-ის 281 მუხ.), ამასთანავე სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და დაუკმაყოფილოს მოსარჩელეს ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის 248-ე მუხ., სასკ-ის 281 მუხ.), ხოლო საკასაციო ინსტანციაში დავის საგნის გაზრდა არ დაიშვება (სსკ-ის 406-ე მუხ.). გარდა ამისა, კასატორი საერთოდ არ ეთანხმება სასამართლოების მიერ დადგენილი ნაკვეთების გადაფარვის ფაქტის არსებობას, რაც იმთავითვე გამორიცხავს მოთხოვნის გაზრდის, მისი ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოების დამდგენი სასამართლო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. ასეთი პრეტენზია კასატორს არ აქვს წამოყენებული, ასეთად ვერ იქნება მიჩნეული კასატორის მითითება ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.05.2010 წ. დასკვნაზე, ვინაიდან დასკვნა მიუთითებს მხოლოდ ნაკვეთების განსხვავებულ კონფიგურაციაზე და გაბარიტებზე. მიწის ნაკვეთების გაბარიტული ზომებისა და საზღვრების კონფიგურაციების სხვაობა არ გამორიცხავს მათ შორის ზედდების არსებობას, მიწის ნაკვეთების განსხვავებული მაიდენტიფიცირებადი მონაცემები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხ.ტ-ისა და ა.მ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთები სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაშია რეგისტრირებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 14.12.2010წ. გადაწყვეტილებით, აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებში ერთი და იმავე უძრავ ნივთს მინიჭებული აქვს ორი საკადასტრო კოდი. ნაკვეთებს შორის სივრცობრივ გადაფარვას ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის ადრინდელი აქტებიც, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.09წ. გადაწყვეტილებით ა.მ-ის განცხადებაზე წარმოება შეჩერდა იმის გამო, რომ საზღვრების დაზუსტების მიზნით წარდგენილი აზომვითი ნახაზით ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში. შეჩერების ვადაში განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 20.08.09წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ხსენებული აქტები ა.მ-ის მიერ არ გასაჩივრებულა. ნაკვეთების ზედდება დასტურდება აგრეთვე საქმეში დაცული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული დაზუსტებული 0,06 ჰა ფართის და ... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული ნაკვეთების სიტუაციური ნახაზებით. ერთიდაიგივე ნაკვეთის სხვადასხვა საკადასტრო კოდით (=... და =...) და კვარტლით (=... და =...) რეგისტრაცია განპირობებულია ერთი ტერიტორიის სხვადასხვა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში აღრიცხვით, კერძოდ დადგენილია, რომ თავდაპირველი რეგისტრაციისაგან განსხვავებით, ხ. თ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი აღრიცხულია WGS84 კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში.ნაკვეთების სივრცობრივ გადაფარვას თავად კასატორიც ადასტურებს, როდესაც აღნიშნავს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ემთხვევა კასატორის სახელზე უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის იმ მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრი თავად იყო ვალდებული შეეტანა ცვლილება ხარვეზიან რეგისტრაციაში და აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. =4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. =327 ბრძანებულების შესაბამისად (მე-5 პუნქტი) განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის მცდარი მონაცემები. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. =327 ბრძანებულების მე-5 პუნქტი ითვალისწინებდა მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის მონაცემების შემდგომში დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმი-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რეგისტრაცია არ არის განხორციელებული საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. =327 ბრძანებულების საფუძველზე, სახეზეა დაზუსტებული რეგისტრაცია UTM პროექციაში, რომლის შედგენას ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 30.04.1999წ. =206 ბრძანებულება ,,საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიური კოორდინატორთა სისტემის შესახებ“, შესაბამისად ცვლილებების შეტანის მოთხოვნა ცდება ინსტრუქციის 31-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი. განსახილველ შემთხვევაში ა.მ-ის მიერ მოთხოვნილია ... სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების ცვლილება, რაც არ წარმოადგენს ორთოგრაფიულ, არითმეტიკულ ან სხვა სახის ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომებით. უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების ცვლილება რეგისტრაციაში არსებითი ხასიათის ცვლილებას გულისხმობს, მისი განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა წინარე რეგისტრაციების და რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლების გაუქმების შემთხვევაში. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო სადავო რეგისტრაციაში მოთხოვნილ ცვლილებას თავისი ინიციატივით ვერ განახორციელებდა. სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, რეგისტრაციაზე უარის თქმის პირობა. მოსარჩელეს არ მოუთხოვია წინმსწრები რეგისტრაციების ბათილად ცნობა, შესაბამისად არ აღმოფხვრილა წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის პირობა - ზედდება. ვინაიდან არ არსებობს რ.თ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, არ უნდა დაკმაყოფილდეს აგრეთვე ა.მ-ის მოთხოვნა გარდაბნის სამსახურისათვის რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების (სასკ-ის 23-ე მუხ.) შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია, კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ აქვს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2013წ. განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე