განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
367აპ ქ. თბილისი
30 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს, მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ს, მსჯავრდებულ ზ. გ-სა და მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
ზ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ. გ., _ დაბადებული ---- წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 31 იანვრიდან.
ზ. გ-ს 5 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. მასვე 5 წლით ჩამოერთვა პასიური საარჩევნო უფლება.
გ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ. გ., _ დაბადებული ---- წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 31 იანვრიდან.
გ. გ-ს 5 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. მასვე 5 წლით ჩამოერთვა პასიური საარჩევნო უფლება.
მ. მ., _ დაბადებული ----- წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. მ-ს 5 წლით ჩამოერთვა პასიური საარჩევნო უფლება.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ზ. გ-მ ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი სხვა ქვეყნიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და მისი საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით. მან საფრანგეთში მყოფ თავის მეგობარს _ მ. მ-ს მისცა დავალება, შეეძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და უზრუნველეყო მისი საქართველოში გადმოგზავნა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები, რომლებიც მოათავსა ასევე დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შეძენილ „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანის უკანა სალონის მარცხენა კარის სამალავში.მ-ს მიერ გერმანიიდან განხორციელებული სატელეფონო საუბრით ზ. გ-სთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიიდან გადმოგზავნილი ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“ 2007 წლის 30 იანვარს იქნებოდა დანიშნულების ადგილზე, ქ. ფოთის საბაჟო ტერმინალში.
ქალაქ ფოთიდან ავტომანქანა „ოპელ-ვექტრას“ ქალაქ თბილისში ჩამოსაყვანად და მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების გადმოტანის უზრუნველყოფის მიზნით, ზ. გ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ბიძაშვილს _ გ. გ-ს. მათ წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტეს, შეეძინათ ნარკოტიკული საშუალება პირადი მოხმარების მიზნით. 2007 წლის 30 იანვარს მათ გამოძიებით დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინეს ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინის“ შემცველი 4 აბი, რომელსაც ინახავდნენ უკანონოდ. 2007 წლის 30 იანვარს, ზ. გ. და გ. გ. ჩავიდნენ ქალაქ ფოთში თბილისი-ფოთის მატარებლით. მათ გზაში მოიხმარეს თითო აბი ნარკოტიკული საშუალება. 2007 წლის 31 იანვარს წინასწარი შეთანხმების თანახმად, ფოთის საბაჟო ტერმინალიდან გამოიყვანეს გერმანიიდან ზ. გ-ს სახელზე გადმოგზავნილი „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანა, რომლის უკანა სალონის მარცხენა კარის სამალავში ჩადებული იყო ასევე გერმანიიდან გადმოგზავნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები. გულია გაბუნია დაჯდა საჭესთან, ხოლო ზ. გ. _ მის გვერდით და გამოემართნენ ქალაქ თბილისის მიმართულებით.
საქმეზე გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 2007 წლის 31 იანვარს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ფოთში, კოკაიას ხეივანში არსებული „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, დააკავეს ზ. გ. და გ. გ., რომლებმაც წინასწარი შეთანხმებით, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შესაწყვეტად, კერძოდ, გ. გ-მ თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გასწია უკან, რა დროსაც იგი დააჯახა პოლიციის მუშაკს – ი. ქ-ს, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანება მარცხენა მუხლის სახსრის არეში, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. გ. გ-ს დაკავების ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის ტყავის ქურთუკის შიდა, მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ ტყავის საფულეში აღმოჩნდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 2 აბი, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წარმოადგენს „ბუპრენორფინის“ შემცველ ქარხნულ აბებს, რომლებშიც ნარკოტიკული ნივთიერების საერთო შემცველობაა 0,016 გრამი. ასევე ავტომანქანა „ოპელ-ვექტრას“ ჩხრეკის შედეგად, მანქანის უკანა სალონის მარცხენა კარის სამალავიდან ამოღებულ იქნა 396 აბი და 4 აბის ნატეხი, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს „ბუპრენორფინის“ შემცველ ქარხნულ აბებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალების საერთო შემცველობა შეადგენს 3,193 გრამს.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
განაჩენიდან ამოირიცხა მითითება მსჯავრდებულების _ ზ. გ-სა და გ. გ-ს მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვისა და პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევის შესახებ.
ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით, ისე რომ სასამართლოს არ მიუღია ზომები მსჯავრდებულ გულია გაბუნიას სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოსაცხადებლად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის განაჩენი სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად; სასამართლო მხოლოდ ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მსჯავრდებულ გ. გ-ს ყოფილ ადვოკატს _ ნ. კ-ს და შეატყობინა 2007 წლის 18 დეკემბერს დანიშნული პროცესის შესახებ, ხოლო 18 დეკემბერს ასევე ტელეფონის საშუალებით ნ. კ-საგან შეიტყო, რომ იგი აღარ ახორციელებდა გ. გ-ს დაცვას; სასამართლოს არანაირი ზომები არ მიუღია მეორე მსჯავრდებულის _ ზ. გ-სა და მისი ადვოკატის _ დ. ხ-ს პროცესზე გამოსაცხადებლად და 2007 წლის 25 დეკემბერს პროცესზე მიიწვია ერთი ადვოკატი სახაზინო წესით ორივე მსჯავრდებულის უფლებების დასაცავად და გამოიტანა უკანონო განაჩენი; 2007 წლის 18 და 25 დეკემბერს ჩატარებული სასამართლოს სხდომის ოქმებში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულებს _ გ. და ზ. გ-ბს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ შუამდგომლობით პროცესში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე განხილულიყო მსჯავრდებულების დასწრების გარეშე, რადგან მათი მონაწილეობა პროცესში არ იყო სავალდებულო.
მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონოა, სასამართლო ჩატარდა არაობიექტურად, ტენდენციურად; კასატორის განმარტებით, იგი მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დაცვას ახორციელებს მისი დაკავების დღიდან და საქმეში მოიპოვება არაერთი ორდერი, როგორც გამოძიების, ისე სასამართლოებში მონაწილეობის უფლებით, სადაც მინიშნებულია ყველა კოორდინატი (ტელეფონები, ფაქსი, მისამართი), მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო არავითარი ზომები, რათა დ. ხომერიკისათვის შეეტყობინებინა სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ. საქმის სააპელაციო სასამართლოში შესვლის დღიდან არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ. ხ-ს ერთხელ მაინც შეატყობინეს პროცესის ჩატარების დღე. სასამართლომ კანონის უხეში დარღვევით დააკმაყოფილა პროკურატურის ყოვლად უსაფუძვლო შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვდა პროცესზე მოეწვიათ სახაზინო ადვოკატები. აქვე შეიძლება აღინიშნოს პროცესზე მოწვეული სახაზინო ადვოკატის არაობიექტურობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმისადმი, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი არც კი გაეცნო საქმის მასალებს; არ დაინტერესებულა, თუ რა მიზეზით მოიწვიეს იგი სახაზინო წესით და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს შეატყობინეს თუ არა სასამართლო პროცესის განხილვის დღე; იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ზ. გ-ს კანონის დარღვევით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა 27 წლის ვადით, საქმეზე სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა ისე მორჩილად და ბრმად დაამთავრა პროცესი, რომ დაცვით სიტყვაში მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, ანუ საერთოდ არ უხსენებია ის უხეში კანონდარღვევა, რომელიც დაუშვა ფოთის საქალაქო სასამართლომ ნივთიერი მტკიცებულებების გამოთხოვის შუამდგომლობაზე უარის თქმის დროს.
მსჯავრდებული ზ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.
მსჯავრდებული გ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივრის მითითებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის 531-ე მუხლის მესამე ნაწილის (2007 წლის 22 ივნისის ცვლილება) თანახმად, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობს თავისი შუამდგომლობითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი ავტორი და, შესაბამისად, აპელანტი იყო ადვოკატი დ. ხ., რომელიც მსჯავრდებულ ზ. გ-ს დაცვას ახორციელებდა მისი დაკავების დღიდან. საქმეში მოიპოვება არაერთი ორდერი, როგორც გამოძიების, ისე სასამართლოს ყველა ინსტანციაში მონაწილეობის უფლებით, სადაც მინიშნებულია ასევე მისი ყველა კოორდინატი. ამის მიუხედავად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო არავითარი ზომები, რათა დ. ხ-სათვის შეეტყობინებინა საქმის განხილვის თარიღი და მსჯავრდებულ ზ. გ-ს საქმის განხილვისას პროცესზე მიიწვია სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი.
ზემოაღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რამაც შეზღუდა პროცესის მონაწილეთა უფლებები და რაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველია.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ, გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულების _ ზ. გ-სა და გ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ზ. გ-სა და გ. გ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.