შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
375აპ-08 12 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-სა და მისი დამცველი ადვოკატების _ მ. ა-სა და ვ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ჯ., _ დაბადებული ….. წელს ქ. ქუთაისში, საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, …… განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. სამტრედიაში, ბ-ს ქ. ¹60-ში, _ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის, აღნიშნული კოდექსის 151-ე მუხლისა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ზ. ჯ. 2007 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, იმყოფებოდა მეზობლად მცხოვრები თ. ბ-ს სახლში, რა დროსაც მისაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელის მეუღლე ზ. ც. იმყოფებოდა, ნახა მაგიდაზე დადებული, მისი კუთვნილი, «პანასონიკის» ფირმის მობილური ტელეფონი. მან განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ზ. ც-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს. იგი მივიდა მაგიდასთან და აიღო ტელეფონი, რასაც, ზ. ც-ს სიტყვიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, აშკარად დაეუფლა. ამის შემდეგ ტელეფონიდან ამოიღო სიმბარათი, ხოლო იგი გაიტაცა, რითაც დაზარალებულს 60 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა. იმავე დღეს მან გატაცებული ტელეფონი 30 ლარად მიჰყიდა თავის ნაცნობ თ. ბ-ს, რომლისგანაც გამოძიებამ ამოიღო დაზარალებულ ზ. ც-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი.
2007 წლის მარტში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაახლოებით 22 საათზე, ზ. ჯ. მივიდა თ. ბ-ს სახლში, მიიტანა ნახევარლიტრიანი ქილით არაყი და მასპინძელთან ერთად დაიწყო დალევა. ამის შემდეგ, იმყოფებოდა რა მთვრალი, ზ. ჯ-მ განიზრახა თ. ბ-ს მეუღლის _ ზ. ც-ს გაუპატიურება. ამ მიზნით მან თ. ბ-ი მოატყუა და უთხრა, რომ სიმთვრალის გამო არ შეეძლო გადაადგილება და მასთან სახლში დარჩებოდა, რაზედაც თ. ბ-საგან თანხმობა მიიღო. სუფრის დამთავრების შემდეგ ცოლ-ქმარი ზ. ც. და თ. ბ-ი თავიანთ საძინებელ ოთახში, ხოლო ზ. ჯ. ცალკე ოთახში დაწვა. იმავე ღამეს, 2 საათზე, თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი შევიდა ზ. ც. და თ. ბ-ს საძინებელ ოთახში. ზ. ჯ-მ ზ. ც. ძალის გამოყენებით აიძულა, გვერდით ოთახში გასულიყო და მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რა დროსაც ზ. ც. ცდილობდა მისგან განთავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ცდილობდა, არ გამოეწვია ხმაური, რომ მის მეუღლეს არ გაღვიძებოდა და რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზ. ჯ-მ იმავე ღამეს დატოვა თ. ბ-ს საცხოვრებელი სახლი.
2007 წლის 8 მაისს, საღამოს საათებში, ზ. ჯ-მ, იმყოფებოდა რა მთვრალი, კვლავ განიზრახა ზ. ც. გაუპატიურება. ამ მიზნით იგი მივიდა თ. ბ-ს საცხოვრებელ სახლში, შევიდა ეზოში და ნახა, რომ სახლის კარი საკეტით არ იყო დაკეტილი, გააღო ცოლ-ქმრის საძინებელი ოთახის კარი, გააღვიძა ისინი და დაუწყო მათ ცემა. კერძოდ, თ. ბ-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური იძულება _ მისი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, რითაც საკუთარ თავზე განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, აიძულა იგი, საძინებელი ოთახიდან არ გამოსულიყო. ამის შემდეგ მან ზ. ც. საწოლიდან ააყენა, გაიყვანა სასადილო ოთახში და კვლავ ძალადობით დაამყარა მასთან სქესობირვი კავშირი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჯ
-მ, რომელიც თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 12 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებდა იმ მოტივით, რომ მას არც ზ. ც-ს გაუპატიურება ჩაუდენია და არც მისი მობილური ტელეფონი გაუტაცია, ხოლო ყოველივე ზემოაღნიშნული დაზარალებულმა მოიგონა.
საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2008 წლის 9 იანვრის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წილს 12 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს მიმართ დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ჯ-მ და მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა _ მ. ა-მ და ვ. კ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორები თავიანთი საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედება. ისინი თავიანთ მოთხოვნას აფუძნებენ შემდეგ მოტივებზე: სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მოწმეები ხელახლა დაკითხა საპროცესო ნორმების დარღვევით; არ დაკითხა დაცვის მხარის მიერ დასახელებული მოწმეები; სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულების _ ზ. ც. და თ. ბ-ს წინააღმდეგობრივ ჩვენებებს; განაჩენით დადგენილი არ არის საქმის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2007 წლის 8 მაისს, საღამოს საათებში, მან ნამდვილად ჩაიდინა დაზარალებულ ზ. ც-ს გაუპატიურება, ასევე _ დაზარალებულ თ. ბ-ს იძულება, რომელსაც მისი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, საკუთარ თავზე განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. აღნიშნული ბრალდებები დადასტურებულია არამარტო დაზარალებულთა ჩვენებებით, არამედ _ ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმე ნ. ი-ს ჩვენებითა და საქმის სხვა მასალებით. განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულთა ჩვენებები ძირითად და მნიშვნელოვან დეტალებში არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მონაცემებს.
რაც შეეხება ზ. ჯ-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას მის მიერ ძარცვის ჩადენის თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილში, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, რადგან სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ზ. ც აღნიშნავს, რომ მას მობილური ტელეფონი არაერთხელ უთხოვებია ზ. ჯ-სათვის, რომელიც ყოველთვის უბრუნებდა. როდესაც ზ. ჯ-მ 2007 წლის იანვრის ბოლოს წაიღო აღნიშნული ტელეფონი, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან იფიქრა, რომ ისევ დააბრუნებდა, რადგან ზ. ჯ-მ, ტელეფონის წაღებისას მას უთხრა _ მჭირდება და მერე მოგიტანო, მაგრამ, ამჯერად, მან ტელეფონი აღარ დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის წაღებასა და შემდეგ მისი გაყიდვის ფაქტს თვით ზ. ჯ-ც აღიარებს, რაც ასევე დადასტურებულია მოწმე თ. ბ-ს ჩვენებით. მაშასადამე, მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ ზ. ჯ-მ ისარგებლა დაზარალებულ ზ. ც-ს ნდობით, და იგი მოატყუა, რომ ტელეფონს დაუბრუნებდა, სინამდვილეში კი იგი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და მიჰყიდა მესამე პირს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ზ. ც-ს კუთვნილი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად ზ. ჯ-მ ჩაიდინა თაღლითობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ზ. ჯ
-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაც.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემულ დასკვნას მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს მიერ დაზარალებულ ზ. ც-ს გაუპატიურების არაერთგზის ჩადენის თაობაზე, რადგან, მართალია, თვით დაზარალებული თავის ჩვენებებში მიუთითებს, რომ ზ. ჯ-მ იგი 2007 წლის მარტშიც გააუპატიურა, მაგრამ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში, გარდა დაზარალებულის ხსენებული განცხადებისა, სხვა სარწმუნო და რეალური მტკიცებულება არ მოიპოვება, რის გამოც ბრალდება ამ ნაწილში ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულად. ამიტომ მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს ქმედება გაუპატიურების ნაწილში უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მსჯარვდებულ ზ. ჯ-ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილ იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებითაც ხასათდება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და თვით მსჯავრდებულის პიროვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ჯ-სა და მისი დამცველი ადვოკატების _ მ. ა-სა და ვ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელები, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეიკრიბოს ზ. ჯ-ს მიმართ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელთან ერთად და მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.