განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 12.11.2008
საქმის ნომერი
2კ-384აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.11.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

384აპ 12 ნოემბერი, 2008 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ ოლღა დუმბაძის

პროკურორ _ გ. შ-ს

ადვოკატების _ მ. ჩ-ს, მ. ღ-ს

მსჯავრდებულ _ დ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ს დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

დ. ბ-ი, _ დაბადებული ...... წელს, საქართველოს მოქალაქე, უცოლშვილო, ..... განათლებით, წარსულში ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისში, მუხიანის დასახლების მე-9 ა-ს უბანში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.

განაჩენით დ. ბ-ს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. ბ-მ 2006 წლის 7 ნოემბერს ორ დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ქურდობის ჩადენა. აღნიშნული განზრახვის განსახორციელებლად ისინი ღამით, დაახლოებით 1:30 საათზე, მივიდნენ თბილისში, ,,მუშტაედის» ბაღში მდებარე საბავშვო ატრაქციონ ,,გლისერებთან’’. დ. ბ-ი ჩავიდა წყალში, მიუახლოვდა სპილენძის გემის მაკეტს და წინასწარ მომზადებული რკინის ძალაყინის გამოყენებით ატრაქციონს მოხსნა გემის აფრები, მოხსნილი ნაწილები თანმიმდევრულად გადააწოდა აუზთან მყოფ თავის თანამზრახველებს, რის შემდეგაც სამივე მათგანმა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. დ. ბ-მ და მისმა თანამზრახველებმა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს, ,,მუშტაედის» ბაღის დირექტორ ი. კ-ს მიაყენეს 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ბ-მ. აპელანტი თავისი საჩივრით ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი ძირითადი მოტივის საფუძველზე: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ხოლო წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და კატეგორიულად უარყოფს სპილენძის გემის მაკეტის აფრების ქურდობაში მონაწილეობას. აპელანტი თავის საჩივარში აღნიშნავდა, ასევე, რომ იგი არის უკანონო პატიმარი და თავისი თანამშრომლის _ ნ. ჩ-ს ცილისწამების მსხვერპლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ დ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილებები: დ. ბ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით _ გაუქმდა, ხოლო წინა განაჩენით დანიშნული რეალური სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით ,,ამნისტიის შესახებ’’ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე გაუნახევრდა, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ თავისუფლების აღკვეთას 5 (ხუთი) წლის ვადით _ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით და დ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ დ. ბ-ს დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და დ. ბ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია ის ქმედება, რომელიც განაჩენით ბრალად შეერაცხა. კასატორი თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმავე ძირითადი მოტივებით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რომელიც ემყარება მხოლოდ ერთ, საეჭვო და არასაკმარის მტკიცებულებას _ ერთი დაინტერესებული მოწმის _ ნ. ჩ-ს ცრუ ჩვენებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. ბ-მ და მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა _ მ. ჩ-მ და მ. ღ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. ადვოკატმა მ. ჩ-მ აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ დ. ბ-ს ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა ზერელედ და ცალმხრივად, პროკურორმა მაინც დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა. გამოძიების ზერელობასა და არაობიექტურობაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ დანაშაულის შემთხვევა იყო 2006 წლის 7 ნოემბერს, ხოლო ბრალდების მოწმე _ ნ. ჩ-ი დაიკითხა 2006 წლის 3 დეკემბერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერება კი ჩატარდა 2007 წლის 12 იანვარს. ყოველივე ამასთან ერთად, საქმეზე არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანის დასადგენად. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დ. ბ-ს მიმართ ეყრდნობა მხოლოდ ერთი დაინტერესებული მოწმის _ ნ. ჩ-ს წინააღმდეგობრივ ჩვენებას, რომელიც არც ერთი სხვა კანონიერი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული, ხოლო ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, თუნდაც ეს ჩვენება ობიექტური იყოს, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა არ შეიძლება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ადვოკატი მ. ჩ-ი ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას _ სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. ბ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედება, რასაც მხარი დაუჭირა ადვოკატმა მ. ღ-მ და დაეთანხმა მსჯავრდებული დ. ბ-ი.

პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. შ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ დაზარალებულ ი. კ-ს ჩვენებით, ასევე მოწმე ნ. ჩ-ს ჩვენებით, რომელიც ვერ ჩაითვლება დაინტერესებულ მოწმედ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ. ბ-მ ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაული, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. პროკურორმა გ. შ-მ ითხოვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას, როდესაც არ არსებობს სხვა სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიუთითებს ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ დანაშაულის ჩადენაზე. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მოწმე ნ. ჩ-ი მიუთითებს თავის ჩვენებაში დ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რაც საკმარისი არ არის, ვინაიდან ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე მსჯავრდება ფაქტობრივად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ბ-ს ბრალდების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში არ იყო სრული და ყოველმხრივი, კერძოდ, სასამართლო არ დაინტერესდა, ჰყავდა თუ არა დარაჯები «მუშტაედის» ბაღს; იმყოფებოდნენ თუ არა ისინი აღნიშნულ ბაღში მომხდარი შემთხვევის დროს და რა ნახეს, ანდა რა იციან მათ ამის შესახებ. გარდა ამისა, გასაჩივრებულ განაჩენში არ არის ახსნილი მოწმე ნ. ჩ-ს ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობანი, არ არის დასაბუთებული, თუ სასამართლო რატომ იზიარებს მის ჩვენებას და რატომ არ იზიარებს მსჯავრდებულ დ. ბ-ს ჩვენებას. სასამართლომ ასევე არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ ი. კ-ს მიერ მიცემული ჩვენება არ იყო სრული და ამომწურავი.

ასეთ პირობებში გაუმართლებელი იყო ის, რომ სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ მსჯავრდებულ დ. ბ-სგან ჩვენების ჩამორთმევით, რაც ვერ აღმოფხვრიდა იმ ხარვეზებს, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვას ახლდა და ვერ უზრუნველყოფდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში დ. ბ-ს ბრალდების საქმის განხილვისას არ იყო დაცუ5ლი საქართველოს სსკ-ის მე-18 მუხლითა და მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დ. ბ-ს მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 562-ე «ა» ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე დ. ბ-ს მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება საპროცესო ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, რა დროსაც ხელახლა უნდა იქნეს გამოკვლეული მტკიცებულებები, გაირკვეს მტკიცებულებათა შორის წინააღმდეგობები, მოპოვებულ იქნეს ახალი მტკიცებულებები და მათი ერთობლივად განხილვისა და შეფასების გზით სწორად დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საბოლოოდ _ ობიექტური ჭეშმარიტება იმის თაობაზე: ნამდვილად ჩაიდინა თუ არა რაიმე დანაშაული მსჯავრდებულმა დ. ბ-მ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის საკასაციო განხილვის ამ ეტაპზე ვერ იქნება გამოტანილი კანონიერი და დასაბუთებული დასკვნები დ. ბ-ს ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, რის გამოც კასატორი მხარის საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვს დ. ბ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ვერ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ბ-ს დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დ. ბ-ს მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.