შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 08.10.2008
საქმის ნომერი
2კ-587აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.10.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹587აპ ქ. თბილისი

8 ოქტომბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ს. ა. _ ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად. ს. ა. ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 151-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით, 11 თვით და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 ოქტომბრიდან.

დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მეუღლეზე და შვილზე განაწყენებული ს. ა. 2007 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე მივიდა თავისი მეუღლის _ ნ. ნ-ის დის ბინასთან და ითხოვა სახლში შეშვება. აგრესიული ს. ა-ის დანახვაზე ე. ნ-მ ბინის კარი არ გააღო და სიძეს წასვლა სთხოვა. მსჯავრდებულმა ფეხებითა და დანის ტარით ჩაამტვრია კარებისა და ფანჯრების მინები, რითაც დაზარალებულს მიაყენა 170 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. ამის შედეგად ს. ა-მ შეაღწია ბინაში და დანის გამოყენებით, მოკვლით დაემუქრა იქ მყოფ ე. და ნ. ნ-ებს, ასევე _ ნ. ს-ს. ხმაურზე სახლში შეიკრიბნენ მეზობლები, რის გამოც ს. ა-მა დატოვა შემთხვევის ადგილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მოითხოვა მისთვის დანიშნული ჯარიმის _ 2000 ლარის შემცირება 500 ლარამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ს. ა. საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები სასჯელად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, ჰყავს პენსიონერი დედა. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი ითხოვს ჯარიმის შემცირებას 500 ლარამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

ს. ა-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უდავოდ დადასტურებულია საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის _ თავად მსჯავრდებულის ჩვენებით, რაც საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ამდენად, სააპელაციო პალატის განაჩენი დასაბუთებულია, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ს. ა-ს ჯარიმის ოდენობა განესაზღვრა სსკ-ის 42-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით.

საქმეში არსებული წინა, 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ს. ა-ს დანიშნული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2006 წლის 18 სექტემბრიდან (ს.ფ. 39). შესაბამისად, ს. ა-ს წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან მოხდილი ჰქონდა 1 თვე და 8 დღე, რის გამოც მისთვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 10 თვე და 22 დღე და არა 4 წელი, 11 თვე და 23 დღე, როგორც ეს გასაჩივრებულ განაჩენშია აღნიშნული.

საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ზუსტად უნდა დადგინდეს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის სახის და ზომის მოუხდელი ნაწილი.

სააპელაციო პალატის განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ს. ა-ისათვის გასაჩივრებული განაჩენით მოსახდელად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით და საბოლოოდ მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.