ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.02.2009
საქმის ნომერი
2კ-1519აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1519 აპ 13 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის დამცველის, ადვოკატ გ. დ-ისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე _ ფ. ჩ-ას დამცველის, ადვოკატ კ. ო-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ი, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები ქ. ქუთაისში............... ¹....ში, ამჟამად პატიმარი, _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

განაჩენით გ. ბ-ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 9.10 საათზე, ქ. ქუთაისში, ¹ ქუჩის ....... მდებარე ¹... საცხოვრებელი სახლის წინ, საავტომობილო გზაზე გ. ბ-ნი «ვაზ....» მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით «.........», მოძრაობდა ..... ქუჩიდან ქუთაისის ცენტრის მიმართულებით. მან მოძრაობისას არ გაითვალისწინა «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 29.1 მუხლის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა მარჯვენა გვერდულზე მდგარ ნ. ჩ-სა და კ. ჩ-ას, აგრეთვე _ მარჯვენა გვერდულზე მდგარ ფ. ჩ-ას კუთვნილ «......» მოდელის, სახელმწიფო ნომრით «...........», ავტომობილს. დაჯახების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ნ. და კ. ჩ-ები გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ნ. ჩ-ა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ბ-ის ადვოკატმა გ. დ-მა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ. ჩ-ას ადვოკატმა კ. ო-ამ.

აპელანტი, მსჯავრდებულ გ. ბ-ის ადვოკატი გ. დ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ გ. ბ-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

აპელანტი, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ. ჩ-ას ადვოკატი კ. ო-ა საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ, გ. ბ-სათვის სასჯელის ზომად 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას იმ მოტივით, რომ იგი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გიორგი ბ-ის ადვოკატმა გ. დ-მა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ. ჩ-ას ადვოკატმა კ. ო-ამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

Kკასატორი, ადვოკატი გ. დ-ი საჩივრით ითხოვს, ,,ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, გ. ბ-სათვის შეფარდებული სასჯელის განახევრებას.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ფ. ჩ-ას ადვოკატი კ. ო-ა იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად სასჯელის დამძიმების, კერძოდ კი _ გ. ბ-სათვის სასჯელის ზომად 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნათა საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გიორგი ბ-ის დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ. ჩ-ას დამცველის, ადვოკატ კ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა გ. ბ-მა ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. ბ-სათვის თავისუფლების აღკვეთისა და ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი განსაზღვრულია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც ვერ ჩაითვლება უსამართლო და ლმობიერ ან ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორ კ. ო-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული განაჩენის გაუქმების საფუძველი.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორ გ. დ-ის მოთხოვნა და მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მას სასამართლოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი უნდა გაუნახევრდეს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ბ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ის დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ. ჩ-ას დამცველის, ადვოკატ კ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ბ-ს ,,ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით _ გაუნახევრდეს და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.