შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1564აპ-08 4 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჰ. ძ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ თ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით ჰ. ძ-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილითა (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) და 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
მცირეწლოვანი თ. ბ-ი ორწელიწადნახევარი ცხოვრობდა თავისი ნათლიის _ ც. ზ-ს ოჯახში. მისი მშობლები განქორწინებულნი არიან. მამა _ გ. ბ-ი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, ხოლო დედა _ ც. შ-ი _ ისრაელში. თ. ბ-ი პერიოდულად რჩებოდა თბილისში, მცხოვრებ ბებიასთან _ კ. ზ-სთან და თბილისში, მცხოვრებ დეიდაშვილ თ. ი-სთან. 2005 წლის ივნისში იგი სტუმრად იმყოფებოდა თ. ი-ს ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ თ. ი-ს პატარა შვილი და კ. ზ-ს დისშვილი _ ჰ. ძ-ი. საღამოს თ. ბ-ი დაწვა დასაძინებლად. იმავე დროს ჰ. ძ-ი სხვა ოთახში ლოგინში იწვა და უყურებდა ტელევიზორს. დაახლოებით 22.00 საათზე ჰ. ძ-მა თ. ბ-ს შესთავაზა, რომ ტელევიზორისათვის ერთად ეყურებინათ. იგი გავიდა და დაჯდა სკამზე, ხოლო შემდეგ ჰ. ძ-ს დაჟინებული მოთხოვნით, ჩაუწვა მას ლოგინში. ამ დროს ჰ. ძ-ი იყო მთლიანად შიშველი. მან აიძულა თ. ბ-ი, რომ ხელი მოეკიდა მის სასქესო ორგანოზე, რაზეც მან უარი განუცხადა, თუმცა ჰ. ძ-მა მას ძალის გამოყენებით მოაკიდებინა ხელი თავის სასქესო ორგანოზე. მომხდარის შემდეგ ჰ. ძ-ი მას დაემუქრა, რომ არსად ეთქვა ამის შესახებ. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მცირეწლოვანი თ. ბ-ი იმყოფებოდა ბებიასთან, სადაც ასევე იყო ჰ. ძ-ი, რომელიც მას კვლავ დაემუქრა, რომ ბებიას მოუკლავდა, თუ სადმე იტყოდა თ. ი-ის სახლში მომხდარის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ ჰ. ძ-მა თ. ბ-ი მიიყვანა კედელთან, პირზე მაგრად ააფარა ხელი, უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო, ჩაუწია შარვალი, ქვედა საცვალი და ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სქესობრივი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით _ უკანა ტანში, რაც გრძელდებოდა დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ჰ. ძ-ი კვლავ დაემუქრა თ. ბ-ს ბებიის მოკვლით, თუ იგი მომხდარს სადმე გაამჟღავნებდა. ჰ. ძ-ი მასთან ორი წლის განმავლობაში ძალის გამოყენებით უკანა ტანში სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს როგორც კ. ზ-ის, ასევე თ. ი-ს საცხოვრებელ ბინებში.
ჰ. ძ-მა უკანასკნელი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით მცირეწლოვან თ. ბ-სთან დაამყარა 2007 წლის დეკემბრის თვეში კ. ზ-ის საცხოვრებელ სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განაჩენით ჰ. ძ-ს ბრალიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი. ჰ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ჰ. ძ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 (ოცდახუთი) წლის ვადით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჰ. ძ-მ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა თ. კ-მ. ისინი თავიანთი საჩივრით ითხოვდნენ მსჯავრდებულ ჰ. ძ-ს გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ განაჩენი ემყარება ვარაუდებს; საქმეში არ არსებობს დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა; დაზარალებულის ჩვენებები წინააღმდეგობრივია; მოწმეები თვითმხილველები არ არიან, ხოლო მათი ჩვენებები ეყრდნობა დაზარალებულის ნაამბობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განაჩენი ჰ. ძ-ს მიმართ კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. იმავე განაჩენით საქართველოს სსსკ-ის 124-ე და 509-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყდა საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ჰ. ძ-მ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა თ. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ისინი თავიანთი საჩივრით ითხოვენ ჰ. ძ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდათ სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ჰ. ძ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ჰ. ძ-ს ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. მისი ბრალეულობა დადასტურებულია თვით დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ჰ. ძ-ს მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ჰ. ძ-სა და მისი ადვოკატის განმარტებას მსჯავრდებულ ჰ. ძ-ს უდანაშაულობის თაობაზე.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ჰ. ძ-ს სასიკეთოდ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა ჰ. ძ-ს ქმედება არასწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილითა (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) და იმავე კოდექსის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ვინაიდან, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ჰ. ძ-მა ერთი და იმავე პირის მიმართ ჩაიდინა რამდენიმე, ერთიანი განზრახვით მოცული ქმედება, რის გამოც იგი წარმოადგენს ერთ დანაშაულს, ჩადენილს განგრძობადი დანაშაულის სახით. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ჰ. ძ-ის დანაშაულებრივი ქმედება გრძელდებოდა 2005 წლის ივნისიდან 2007 წლის დეკემბრამდე, ე. ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების შემდეგაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჰ. ძ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რის გამოც ჩადენილი ქმედებისათვის ჰ. ძ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, ანუ სასჯელის ის ზომა, რომელიც სასამართლოს მიერ მას დანიშნული ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჰ. ძ-ის მსჯავრდებიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (მითითებული რედაქცია), როგორც ზედმეტად წარდგენილზე, აგრეთვე _ მითითება მის საფუძველზე სასჯელის ზომად 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ჰ. ძ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჰ. ძ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ თ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება ჰ. ძ-ის საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) მსჯავრდებისა და ამ საფუძველზე მის მიმართ სასჯელის ზომად 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე. მსჯავრდებულ ჰ. ძ-ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ჰ. ძ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.