შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
186აპ.-09 15 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ის დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. შ-ი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით, რის შედეგადაც ლ. შ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 (ოცდაორი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 19 (ცხრამეტი) წლის ვადით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ლ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 14 თებერვალს ლ. შ-მა, ბ. გ-მა, გ. ო-მ და ვინმე მ. კ-მა მოაწყვეს ლ. ც-ას გატაცების ინსცენირება ამ უკანასკნელის ბიძის _ ნ. ჯ-გან თანხის გამოძალვის მიზნით, რის გამოც ისინი 15-დან 19 თებერვლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ ქ. ზესტაფონში გ. ო-ის კუთვნილი ,,ვაზ-...» მოდელის ავტომანქანით. 16 თებერვალს, საღამოს საათებში, ა-ის ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების ბაღის ტერიტორიაზე განთავსებულ საზაფხულო კინოთეატრის შენობასთან, ჩრდილოეთის მხარეს, ზემოაღნიშნულ ავტომანქანაში ყოფნის დროს, ლ. შ-მა განიზრახა, ძალადობით დაემყარებინა სქესობრივი კავშირი ლ. ც-თან. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ. შ-მა თავის მეგობრებს _ ბ. გ-ს, გ. ო-სა და ვინმე მ. კ-ს უთხრა, რომ ისინი გადასულიყვნენ ავტომანქანიდან. ამის შემდეგ ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა დაზარალებულის ცემასა და კისერზე ხელის მოჭერაში, მან გახადა ლ. ც-ას ტანსაცმელი, ქვედა საცვალი და, დაზარალებულის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
2007 წლის 17 თებერვალს, საღამოს საათებში, ლ. შ-მა იმავე ადგილზე, გ. ო-ის კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნის დროს, კვლავ განიზრახა, ძალადობით დაემყარებინა სქესობრივი კაშვირი ლ. ც-თან. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ. შ-მა თავის მეგობრებს _ ბ. გ-ს, გ. ო-სა და მ. კ-ს უთხრა, რომ ისინი გადასულიყვნენ ავტომანქანიდან, რის შემდეგაც ფიზიკური ძალის გამოყენებით, გახადა ლ. ც-ს ტანსაცმელი, ქვედა საცვალი და დაზარალებულის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კაშვირი. 2007 წლის 16 და 17 თებერვალს ლ. შ-ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ლ. ც-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. შ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ლ. შ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი მოტივებით: ლ. შ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებას საფუძვლად უდევს მხოლოდ დაზარალებულ ლ. ც-ას, მოწმე დ. უ-ის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების _ ი. თ-სა და ზ. გ-ის ჩვენებები, რაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს; ლ. შ-ს დაზარალებულ ლ. ც-თან არ დაუმყარებია სქესობრივი კავშირი და მისი მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა დაზარალებულმა ლ. ც-მ, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევდა კანონიერად, დაასბუთებულად, სამართლიანად და ითხოვდა მის უცვლელად დატოვებას.
ადვოკატ მ. პ-ის საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2008 წლის 6 ნოემბრის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ. შ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ლ. შ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და ლ. შ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას შემდეგი მოტივებით: როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენები დააფუძნეს მხოლოდ დაზარალებულ ლ. ც-ას არასწორ ჩვენებებზე, რომლებიც სხვა სარწმუნო მტკიცებულებებით არ დასტურდება; სასამართლოებმა, სრულიად უსაფუძვლოდ, არ გაიზიარეს დაცვის მოწმეთა ჩვენებები; საქმეში არ მოიპოვება უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულ ლ. შ-ის ბრალის დასადასტურებლად.
დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი შეიტანა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ც. ჭ-მ, რომელიც ითხოვს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი მისი უსაფუძვლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ლ. შ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულ ლ. შ-ს არ ჩაუდენია დაზარალებულ ლ. ც-ას გაუპატიურება, რადგან საქმეში არსებობს საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ლ. შ-ს ნამდვილად ჰქონდა სქესობრივი კავშირი დაზარალებულ ლ. ც-თან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის გამოყენებით. აღნიშნული ფაქტი დასტურდება არა მხოლოდ თვით დაზარალებულის ჩვენებებით, არამედ _ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც ერთობლივად წარმოადგენს საკმარის და დამაჯერებელ საფუძველს ლ. შ-ის ბრალეულობის თაობაზე დასაბუთებული დასკვნის გამოსატანად.
ამავე დროს, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა ლ. შ-მა დაზარალებულ ლ. ც-ს გაუპატიურება ჩაიდინა არაერთგზის _ ორჯერ, 2007 წლის 16 თებერვალს და შემდეგ კი _ 17 თებერვალს. მხოლოდ დაზარალებულ ლ. ც-ს ჩვენება, რომელიც ბრალდების ამ ნაწილში სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარის საფუძვლად აღნიშნული სასამართლო დასკვნისათვის და, მაშასადამე, ლ. შ-ის საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ ლ. შ-ს მსჯავრდებისას დაუშვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის «ა», «ბ» ქვეპუნქტებში მითითებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ლ. შ-ის სასიკეთოდ უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილებები: ლ. შ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით.
აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე და შედეგი, ასევე მისი ჩამდენის პიროვნება და საქმის სხვა გარემოებები, რომელთა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული კვალიფიკაციის საფუძველზე ლ. შ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რომელიც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა შეიკრიბოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილთან ერთად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. შ-ის დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულ ლ. შ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მისი ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რასაც დაემატოს ლ. შ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 7 (შვიდი) თვის, 19 (ცხრამეტი) დღის ვადით და მსჯავრდებულ ლ. შ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით, რომლის მოხდის ათვლა მას დაეწყოს 2008 წლის 30 ივნისიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.