განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
¹202აპ-09 22 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჯ-ს დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენით კ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთაA 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. იმავე განაჩენით მსჯავრდებულ კ. ჯ-ს დამატებითიO სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
კ. ჯ-ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, კ. ჯ-ა ავტომანქანა “ფორდით,” სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......., მოძრაობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯადან ქალაქ ქუთაისის მიმართულებით მგზავრებთან _ ა. ფ-სა და ზ. ჩ-სთან ერთად. წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში საავტომობილო გზაზე მოძრაობისას კ. ჯ-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის შესახებ საქართველოს კანონის 29.1 მუხლის მოთხოვნა (მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას მართავს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, ითვალისწინებს მოძრაობის ინტენსიურობას, სატრანსპორტო საშუალების ტვირთის თავისებურებებს და მდგომარეობას, საგზაო და მეტეოროლოგიურ პირობებს, კერძოდ, ხილვადობას მოძრაობის მიმართულებით), რის გამოც მან მოსახვევში ვერ დაიმორჩილა ავტომანქანა “ფორდის” საჭე, გადავიდა სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხარეს და ავტომობილის წინა ნაწილით შეეჯახა ელექტროგაყვანილობის ლითონის ბოძს. შეჯახების შედეგად ავტომანქანის მგზავრმა ზ. ჩ-მ მიიღო სხეულის დაზიანება და ქუთაისის სამხარეო საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ჯ-ს დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ, რომელიც თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და კ. ჯ-სთვის დანიშნული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის _ პირობითი მსჯავრით შეცვლას, აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გაუქმებას შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი; მან ნებაყოფლობით აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან; მზად არის, დაზარალებულს გაუწიოს დახმარება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ კ. ჯ-ს მიმართ კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. იმავე განაჩენით კ. ჯ-ს მიმართ გაუქმდა საპროცესო იძულების ღონისძიება, კერძოდ, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანება საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე ყადაღის დადებისა და ამოღების შესახებ. განაჩენი სხვა ნაწილში კ. ჯ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ კ. ჯ-ს დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულ კ. ჯ-სთვის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარის დაკისრების ნაწილში, აგრეთვე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პირობითი მსჯავრის დანიშვნას იმ მოტივით, რომ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვის ეტაპზე არსებითად დაირღვა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის შედეგადაც კ. ჯ-ს მიმართ გამოტანილ იქნა არაკანონიერი განაჩენი. ამასთან, ადვოკატი მ. ნ-ე უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ბრალდების საქმეზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი განიხილა რა ზეპირი მოსმენის გარეშე, დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, დაეცვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ კ. ჯ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ კ. ჯ-ს ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით, რაც გამოიხატა შემდეგში: სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ კ. ჯ-ს დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა მისთვის დანიშნული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის _ პირობითი მსჯავრით შეცვლას, განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 529-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე _ საჩივარი სასჯელის შემცირების თაობაზე. იმავე საპროცესო ნორმის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისას მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია, დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლში ჩამოთვლილ სასჯელის სახეებს შორის არ არის მითითებული პირობითი მსჯავრი, როგორც სასჯელის სახე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს არა სასჯელის დამოუკიდებელ სახეს, არამედ _ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის განსხვავებულ ფორმასა და რეჟიმს. აპელანტი ითხოვდა მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოხდის ნაცვლად მის პირობით ჩათვლას, რაც სრულიად არ ნიშნავს სასჯელის შემცირებას.
როგორც აღინიშნა, საქართველოს სსსკ-ის 529-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას მაშინ, როცა აპელანტი ითხოვს სასჯელის შემცირებას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში აპელანტი _ მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ადვოკატი სასჯელის შემცირებას არ ითხოვდა, რის გამოც, იმის გათვალისწინებით, რომ კ. ჯ-ს ბრალი ედებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მისი ბრალდების საქმე სააპელაციო სასამართლოში უნდა განხილულიყო ზეპირი მოსმენით.
ამრიგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ბრალდების საქმის განხილვისას დაუშვა საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა, რამაც განაპირობა მის მიმართ უკანონო განაჩენის გამოტანა, რაც, საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენი კ. ჯ-ს მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისთვის. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საქმე ხელახლა უნდა განიხილოს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს კანონიერი განაჩენის დასადგენად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ჯ-ს დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენი კ. ჯ-ს მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.