საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.09.2009
საქმის ნომერი
2კ-348აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹348აპ-09 ქ. თბილისი

4 სექტემბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ.ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.პ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დ.ღ _ დაბადებული ....... წლის ..., ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ 6 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (ბრალდების ექვსი ეპიზოდი) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გაუნახევრდა «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში მითითებული უფლებები და სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 15 მარტიდან. სასჯელის ვადაში დ.ღ-ს მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 3 ივლისიდან იმავე წლის 16 ივლისის ჩათვლით.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის განაჩენით შეიცვალა: დ.ღ სსკ-ის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.